საქართველოს საპენსიო ფონდი აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით. ფონდის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 742 ათას ადამიანს შეადგენს. 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 32 302-მა ადამიანმა, რომლებზეც პენსიის სახით გაიცა 160 612 324,43 ლარი.

მაისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9,4 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგროვილმა ამონაგებმა 2,7 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ასევე, საპენსიო ფონდი აქვეყნებს 2026 წლის მაისის საინვესტიციო პორტფელების შედეგებს.

„მაისში საპენსიო ფონდის პორტფელების პოზიტიური შედეგები ძირითადად განპირობებული იყო საერთაშორისო აქციების მაღალი ამონაგებით. აქციების ზრდის მთავარი ფაქტორი გახდა ინვესტორების განახლებული ოპტიმიზმი ხელოვნური ინტელექტის მიმართ, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ნახევარგამტარების, მეხსიერების ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების გლობალურ აქციების ფასებზე.

მაისში ყველაზე მაღალი ამონაგები — 2,49% — აჩვენა დინამიკურმა პორტფელმა, რაც აიხსნება ამ პორტფელში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგებმა, შესაბამისად, 1,99% და 1,29% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან სამივე პორტფელის ამონაგები პოზიტიური რჩება: დინამიკური — 8,99%; დაბალანსებული — 7,45%; კონსერვატიული — 5,91%.

დინამიკური პორტფელი ასევე ლიდერობს ამონაგებით შექმნის დღიდან, მისი საშუალო წლიური ამონაგები 15,51%-ს შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისთვის შესაბამისი მაჩვენებლებია 13,90% და 10,40%“, — ნათქვამია საპენსიო ფონდის განცხადებაში.