ახალქალაქში, ცენტრალური პარკის, „ხას ბახჩას“ მოპირდაპირედ, ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა განახლდა. შესვენების შემდეგ კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები კვლავ დაიწყო, რომელიც ამ ეტაპზე შენობის საძირკვლისა და ნულოვანი სართულის მოწყობაზეა ფოკუსირებული.

პროექტს შპს „ემკა გრუპი“ (EMK Group) ახორციელებს.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 15 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა რეალურად ისინი დაახლოებით ორი კვირის წინ განახლდა. ამ ეტაპზე მშენებლები სამუშაოებს ნულოვანი სართულის დონეზე ასრულებენ: ამაგრებენ საძირკველს და ჰიდროიზოლაციის მიზნით სვეტებს ბიტუმით ფარავენ.

sport zal

ობიექტზე სოფელ სულდიდან ცხრა მშენებელი მუშაობს. მათი თქმით, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, ხოლო წამოჭრილ საკითხებს კომპანიის ხელმძღვანელობა ოპერატიულად აგვარებს.

სპორტული დარბაზის მშენებლობის საერთო ღირებულება 1 229 315 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელება გასული წლის ზაფხულში დაიწყო. კონტრაქტორი შპს „ემკა გრუპია“.

პროექტი ორ წელზეა გათვლილი. ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2025 წელს მშენებლობისთვის 613 002 ლარი უნდა ათვისებულიყო, ხოლო 2026 წელს, 15 აპრილიდან მოყოლებული 150 დღის განმავლობაში, კიდევ 711 003 ლარის ათვისება იგეგმება.

sport zall

მშენებლობა 2025 წლის ზაფხულში დაიწყო. კონტრაქტორმა ძველი შენობის დემონტაჟი მოახდინა და მიწის სამუშაოები ჩაატარა, თუმცა, საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამუშაოები დროებით შეჩერდა.

მაშინ, 2025 წლის შემოდგომაზე, ახალქალაქის მერიაში Jnews-ს განუცხადეს, რომ შეჩერების მიზეზი საპროექტო დოკუმენტაციის დამატებითი ექსპერტიზის აუცილებლობა იყო.