ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში კედლების ჭვარტლისგან წმენდა მიმდინარეობს, რომელიც დროთა განმავლობაში სანთლების გამო დაგროვდა. მასშტაბური რესტავრაცია გუმბათის ამაღლებით, რომელიც ადრე იგეგმებოდა, ჯერჯერობით არ ტარდება.

ეკლესია გასული კვირიდან მცირე კოსმეტიკური რემონტის გამო დაკეტილია. რემონტის მიზეზით ტაძარში კვირის წირვა არ ჩატარებულა. სასულიერო პირების თქმით, კოსმეტიკური რემონტის დასრულება კვირის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც ეკლესია მორწმუნეებისთვის კარს კვლავ გააღებს. სურბ ხაჩის ეკლესიის მღვდლის, ტერ ნარეკ ტიგრანიანის განცხადებით, მორწმუნეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ ეპარქიის გვერდებს სოციალურ ქსელებში, რათა გაიგონ, როდის დასრულდება სამუშაოები.

ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის უფრო საფუძვლიანი რესტავრაცია იგეგმება — ამისთვის ინიციატორებმა შეიმუშავეს პროექტი ამაღლებული გუმბათით. თუმცა, ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაგეგმილი არ არის. რეკონსტრუქციის განსახორციელებლად ინიციატორებმა ნებართვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან უნდა მიიღონ.