რუსეთში მინერალური წყალი „ჯეიმუკის“ გაყიდვა დროებით შეჩერდა
რუსეთში მინერალური წყალი „ჯეიმუკის“ გაყიდვა დროებით შეჩერდა. კომპანია „ჯერმუკ გრუპში“ (Jermuk Group) პირობა დადეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
ინფორმაცია გამოცემა РБК-ს რუსეთის „კონკურენტული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის“ (მარკირების სისტემის ოპერატორი) დირექტორის მოადგილემ, რევაზ იუსუპოვმა მიაწოდა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული 338 ათასი ბოთლი „ჯეიმუკის“ გაყიდვა „როსპოტრებნადზორის“ წერილის საფუძველზე შეჩერდა. უწყებამ აკრძალვის მიზეზად „სავალდებულო მოთხოვნების დარღვევა“ დაასახელა და აღნიშნა, რომ აუცილებელია „გადაუდებელი ზომების მიღება რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად“.
„ჯერმუკ გრუპში“ რადიო „თავისუფლებას“ დაჰპირდნენ, რომ ამ საკითხს წერილობით გამოეხმაურებიან.
სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციის პრესსპიკერმა, ანუშ ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ რუსეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან „ჯერმუკთან“ დაკავშირებით ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღიათ.
„ამ ეტაპზე ტარდება ღონისძიებები სიტუაციის გასარკვევად და შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად. შედეგებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ“, — აღნიშნა ჰარუთიუნიანმა.
წარსული ინციდენტები და კონტექსტი
სახელმწიფო სისტემამ „ჩესტნი ზნაკმა“ (Chestny Znak) „ჯერმუკის“ გაყიდვა 2024 წელსაც შეაჩერა, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთის 65 წლის მცხოვრები გარდაიცვალა. რუსული მხარის მტკიცებით, სიკვდილის მიზეზი „ჯერმუკის“ დალევა გახდა, რადგან ბოთლში ძმარმჟავა აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ამ საქმის გამოძიება, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო განაახლა.
საქმის განახლების შემდეგ „ჯერმუკ გრუპმა“ განაცხადა, რომ კომპანიის ან მისი თანამშრომლების წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ არსებობს. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთში მათ წინააღმდეგ შეტანილი სამოქალაქო სარჩელი ყველა ინსტანციაში უარყვეს, ხოლო ექსპერტიზამ პროდუქციის უსაფრთხოების დარღვევა ვერ დააფიქსირა.
სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციამ კი განმარტა, რომ „ჯერმუკის“ მთავარ ქარხანაში შემოწმება ჩატარდა და შედეგები რუსულ მხარეს გადაეცა. უწყების მტკიცებით, საწარმოო სისტემა სრულიად გამორიცხავს ბოთლში სხვა ნივთიერების მოხვედრის შესაძლებლობას.