გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ამიტომ ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში თითქმის ყელა პოზიცია ვაკანტურია და კონკურსის წესით თანამშრომლები ხელახლა შეირჩევიან.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ზვიად ნატრიაშვილმა კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და მან დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა ჯერ თანამდებობაზე არ დანიშნულა.

სამმართველოს უფროსისგან განსხვავებით, არ დასრულებულა შერჩევის ეტაპი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებაში. აქ განყოფილების უფროსის ჩათვლით 19 პოზიციაა ვაკანტური. დარჩება თუ არა აღნიშნული განყოფილების უფროსი უჩა ფუხაშვილი უცვლელი, ჯერ უცნობია.

„მთავარი სპეციალისტის 18 პოზიციაზეა კონკურსი გამოცხადებული. საბუთების წარდგენის შემდეგ მათ ნორმატივები უნდა დააკამყოფილონ. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კი გასაუბრება ინიშნება, თუ გასაუბრებასაც წარმატებით გაივლიან, საბუთებს ხელახლა წარმოადგენენ და დაინიშნებიან“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

ის პირები, რომლებსაც სამხედრო ბილეთი არ ექნებათ, კონკურსს ვერ გაივლიან. ეს ერთ–ერთი მიზეზი იყო, რის გამოც დეპარტამენტში რეორგანიზაცია დაინიშნა, ანუ თანამშრომლების კვალიფიკაციის ერთ–ერთი განმსაზღვრელი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდაც გახდა.

„გარდა ამისა, სამმართველოებსა და მის განყოფილებებში სახელწოდებებიც შეიცვალა. მაგალთად თუ აქამდე იყო სამცხე–ჯავახეთის სამმართველო იყო, ახლა გახდა სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო, ამიტომ მთელ დეპარტამენტში რეიორგანიზაცია გამოცხადდა“, – აცხადებენ უწყებაში.