Freedom House-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ თავისი კრიტიკოსების მკვლელობის, ფიზიკური თავდასხმის, გატაცების, დაკავების, დეპორტაციისა და მუქარის მეთოდებს 30 ქვეყნის მთავრობამ მიმართა.

ანგარიშის მიხედვით, Freedom House-მა 2025 წლის განმავლობაში ტრანსნაციონალური რეპრესიის 126 ახალი, ფიზიკური და პირდაპირი ინციდენტი დააფიქსირა, რის შედეგადაც 2014–2025 წლების მონაცემთა ბაზაში შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 375-მდე გაიზარდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობაზე პასუხისმგებელი იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში მოქმედი ავტოკრატიული რეჟიმები.

სწორედ ამ ანგარიშში, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს.

“2025 წელს ტრანსნაციონალური რეპრესიების მთავარ გამტარებლებად Freedom House ჩინეთის, ვიეტნამისა და რუსეთის ხელისუფლებებს ასახელებს. ამასთან, ორგანიზციის განცხადებით, პირველად გამოვლინდა ექვსი ქვეყნის – ავღანეთის, ბენინის, საქართველოს, კენიის, ტანზანიისა და ზიმბაბვეს მთავრობების მიერ ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკის გამოყენების ფაქტები”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სულ უფრო მეტი მთავრობა ცდილობს გააჩუმოს კრიტიკოსები, რომლებიც თავისუფლების ძიებაში საკუთარი ქვეყნიდან გაიქცნენ. ეს შემაშფოთებელი ტენდენცია განგაშის ზარი უნდა იყოს მსოფლიო პოლიტიკოსებისთვის.

“ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო ხშირად თანამშრომლობენ საზღვარგარეთ მყოფი პირების წინააღმდეგ და მათი ტაქტიკა სულ უფრო დახვეწილი ხდება. დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა მეტი უნდა გააკეთონ მათი სუვერენიტეტისა და თავისუფლებების ამგვარი ავტორიტარული ხელყოფის დასაძლევად”, – აცხადებს Freedom House-ის ხელმძღვანელი ჯეიმ ფლაიმი.