გუშინ, 10 ივლისს, საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლები მორიგი სამუშაო ვიზიტით ახალქალაქს ესტუმრნენ.
“დემოკრატ მესხთა” არასამთავრობო ორგანიზაციის ახალქალაქის ოფისში შეხვედრა ბავშვების პრობლემებით დაკავებული ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებსა და საქართველოში UNICEF-ის ფონდის წარმომადგელებს შორის გაიმართა.
შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში, შემეცნებით ხასიათს ატარებდა. განიხილებოდა ის კანონდარღვევები, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბავშვებთან მიმართებაში აღინიშნებოდა, მაგალითად, ბავშვების შრომა კარტოფილის მოსავლის აღების დროს, რაც ბევრ ბავშვს ამ პერიოდში განათლების მიღების მისაწვდომობას უზღუდავს. განიხილებოდა ჯავახეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში მშობლების მიერ ბავშვების შრომის ექსპლუატაციის მიზეზები და შედეგები.
შეხვედრაზე საქართველოს UNICEF-ი, ომბუდსმენის აპარატი და ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა ჯავახეთში ბავშვების შრომის ექსპლუატაციის პრობლემების ღრმა გამოკვლევა ჩატარებულიყო.