
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბაღვაშის ადმინისტრაციის სასაზღვრო სექტორების „გორგაძეთისა“ და „სარფის“ მიერ დაცულ ტერიტორიებზე, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე ჯგუფურად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს.
ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური გვაცნობებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, ცდილობდნენ უკანონოდ და ჯგუფურად გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.