აშშ-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები დღეიდან ამოქმედდება. ტრამპის ახალი ტარიფები საქართველოს გარდა, კიდევ 180-ზე მეტ ქვეყანას შეეხო.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი დღეიდან, 5 აპრილიდან ამოქმედდა.
ახალი ტარიფი არ ნიშნავს, რომ საქართველოს სრულ ექსპორტზე დაუწესდა აღნიშნული ტარიფები, რადგანაც აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თან ახლავს გამონაკლისების ვრცელი სია. სიაში შედის ფეროშენადნობებიც, რაც აშშ-ში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. კერძოდ, 2024 წელს აშშ-ში საქართველოს $141-მილიონიან ექსპორტში $90 მილიონი დოლარი, ანუ 64% სწორედ ფეროშენადნობებზე მოდიოდა. თუმცა, საგამონაკლისო სიაში არ შედის მაგალითად ღვინო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია აშშ-ში.
TOP-10 პროდუქტს, რაც 2024 წელს საქართველომ აშშ-ში გაიტანა ექსპორტზე:
- ფეროშენადნობები – 90,2 მლნ აშშ დოლარი
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 8,4 მლნ აშშ დოლარი
- საფრენი აპარატების ნაწილები – 7,2 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 7,1 მლნ აშშ დოლარი
- წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები – 5,3 მლნ აშშ დოლარი
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 4,6 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 2,7 მლნ აშშ დოლარი
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – 1,8 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 1,6 მლნ აშშ დოლარი
- სამშენებლო ნაწარმი ხისა – 1,1 მლნ აშშ დოლარი.
თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, მოკლევადიან პერიოდში აშშ-ის ახალი სატარიფო პოლიტიკა უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე და ქვეყანაში გამავალ სატრანზიტო ტვირთებზე. თუმცა, გრძელვადიან შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა.