საქართველო შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (United Airports of Georgia) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიღებული ახალი წესებისა და რეგულაციების შესახებ ისაუბრა.

კერძოდ, პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება როგორც თვითმფრინავის ბორტზე, ისევე აეროპორტის ტერმინალებშიც. ამასთანავე, მგზავრებს მოუწევთ იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა, სადაც გაემგზავრებიან.

United Airports of Georgia-ს მონაცემების თანახმად, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომლებიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.

„ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრ-ნახევრიანი დისტანციის დაცვა“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.