ენერგო-პრო ჯორჯია აბონენთებს მოუწოდებს დავალიანება დროულად გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 28 აპრილიდან კომერციულ აბონენტებს, 29 აპრილიდან კი კერძო პირებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიამ მანქანით გადაადგილების შეზღუდვის გამო, ამ დრომდე აბონენტები არ გათიშა, თუმცა შეზღუდვის გაუქმების პირობებში, მოქალაქეებს სთხოვს დავალიანება დროულად დაფანონ.

„ელექტროენერგიის შეწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ დროულად გადაიხადოთ დავალიანება, ვინაიდან 28 აპრილიდან დაიწყება კომერციული აბონენტების გათიშვის პროცესი, ხოლო 29 აპრილიდან დაიწყება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, კომპანიამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა აბონეტთა რთული მდგომარეობა და არ განახორციელა დავალიანების მქონე აბონენტების გათიშვა, თუმცა დღეიდან 27 აპრილიდან ეს შეზღუდვა გაუქმებულია. “ენერგო-პრო ჯორჯია”კვლავ გამოთქვამს მზაობას, განიხილოს აბონენტთა განცხადებები დავალიანებების განწილვადების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება გადასახადის შესახებ არ ეხებათ იმ აბონენტებს, რომლებიც აპრილში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მათ კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, 751 852 აბონენტმა დააკმაყოფილა კრიტერიუმი (200 კილოვატამდე მოხმარება) და ისარგებლა სახელმწიფო სუბსიდიით.