Armenian      Russian

საქართველო – სომხეთის საზღვარზე, საბაჟო გამშვები პუნქტი “ნინოწმინდა”, ინტერნეტის არქონის გამო, უკვე 11 თებერვლის 19:00 საათიდან ვერ მუშაობს. საზღვარზე გუშინ, საღამოს, 22:00 საათის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე გაატარეს, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები რიგში რჩებიან, ან უკან ბრუნდებიან. როდის აღდგება საბაჟო გამშვები პუნქტის სრულყოფილი მუშაობა საქართველოს შემოსავლების სამსახურში ვერ აზუსტებენ.

11 თებერვლის შემდეგ, საზღვრის ორივე მხარეს რიგია. შეფერხების მიზეზი ინტერნეტის არქონაა. ეს მიზეზი დღეს, საქართველოს შემოსავლების სამსახურშიც დაადასტურეს. თქვეს, რომ თანამშრომლებთანაც ვერ ამყარებენ კავშირს, რადგან არ არის არც Magti-ს ინტერნეტი, არც ხაზი. თუმცა, როდის განაახლებს საბაჟოს მუშაობას, ვერ გვეუბნებიან.

თვითმხილველთა თქმით, 11 თებერვლის 22:00 საათის შემდეგ, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეები გაატარეს, მაგრამ საქართველოდან სომხეთში მხოლოდ ერთი მანქანა გაუშვეს.

“სომხეთში მხოლოდ ერთი მანქანა გაუშვეს. იქ იყო ქალი, რომელსაც მშობიარობა ეწყებოდა, სხვები კი არ გაუშვეს. ჩვენ გაგვიშვეს 22:00 საათის შემდეგ. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადათ, ან მდგომარეობა განემარტათ, მომუშავეები ძალიან ცინიკურად მოგვმართვადნენ“,- ამბობს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საქართველო-სომხეთის საზღვარი 2-3 საათიანი ლოდინის შემდეგ გადაკვეთა.

მივიღეთ ინფორმაცია, მოქალაქეების ნაწილი უკან დაბრუნდა, რათა საქართველო-სომხეთის საზღვარი “სადახლოს” გავლით გადაკვეთონ.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ინტერნეტზე წვდომა ჯერ კიდევ არ არის. მიზეზი, თუ ადამიანებს შერჩევით რატომ ატარებენ საზღვარზე, შემოსავლების სამსახურში არ იციან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციისგან ითხოვს კონკრეტულ სიას, ვინ გადაკვეთა საზღვარი და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვა ხომ არ ჰქონდა.