Armenian      Russian

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში უკვე რამდენიმე წელია არის საბავშვო ბაღი, თუმცა სასმელი წყლის არარსებობის გამო ის დღემდე არ მუშაობს. წელს მუნიციპალიტეტმა ამისათვის 1536 ლარი გამოყო, რათა სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღში წყლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში საბავშვო ბაღის გახსნა წყლის არარსებობის გამო ფერხდება. საბავშვო ბაღის გახსნას 2018 წელს გეგმავდნენ, თუმცა ის დღემდე არ ფუნქციონირებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორის ანაიდა ასატრიანის თქმით, მან არ იცის, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხა თუ არის საკმარისი.

“არ ვიცი, საკმარისია თუ არა გამოყოფილი თანხა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. საბავშვო ბაღი იმუშავებს, თუკი წყლის პრობლემა მოგვარდება. რა თქმა უნდა, თუკი კორონავირუსის პანდემია არ შეგვიშლის ხელს”,- ამბობს ის.

მისი თქმით, თუ წყლის პრობლემა მოგვარდება, და სექტემბრიდან საბავშვო ბაღების გახსნის ნებას დართავენ, ის პერსონალის შეგროვებას დაიწყებს.

თუმცა, სოფელ ხულგუმოში მერის წარმომადგენელი მოვსეს გიგოლიანი ამტკიცებს, რომ საბავშვო ბაღში წყლის პრობლემის გარდა კიდევ რჩება პრობლემები, ხოლო გამოყოფილი 1536 ლარი მხოლოდ წყალგაყვანილობის გასარემონტებლადაა საკმარისი.

სოფელ ხულგუმოში საბავშვო ბაღის შენობა 2014 წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში აშენდა. ამ წლების განმავლობაში შენობაში ბევრი სამუშაო ჩატარდა, თუმცა ექსპლუატაციისათვის ის დღემდე არ არის მზად. მიზეზი წყლის არარსებობა იყო, მაგრამ არის კიდევ სხვა დაუსრულებელი სამუშაოებიც, მაგალითად, შენობაში არ არის საწყობი.

საბავშვო ბაღის შენობა 32 000 ლარადაა შეძენილი. ამ ექვსი წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოებზე საბავშვო ბაღის მოპირკეთების მიზნით 16 000, 24 000, 42 000 და 2700 ლარი დაიხარჯა, მიუხედავად ამისა, პრობლემები არ დასრულებულა.

სოფელ ხულგუმოს სკოლამდელი ასაკის ბავშვები ამჟამად საბავშვო ბაღში მეზობელ სოფელ კულიკამში, ასევე ქალაქ ახალქალაქში დადიან.