დღეს, 6 ივლისს, სოფელ კულიკამის მოსახლეობამ, სოფელში გამავალი ცენტრალური გზის საშინელი მდგომარეობის გამო, მერიასთან პროტესტის აქცია გამართა. ქალაქის მერი მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

საპროტესტო აქციაზე ახალქალაქის მერიასთან დაახლოებით 150 ადამიანი შეიკრიბა. მიზეზი სოფელ კულიკამში გამავალი ცენტრალური გზაა. გზა საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ გარემონტებულა და საშინელ მდგომარეობაში იმყოფება.

Kulikam

სოფლის მოსახლეობამ გზის მდგომარეობის თაობაზე ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ უჩივლა. მოსახლეობის თქმით, რამდენიმე დღის წინ, 1 ივლისს, მათ დაპირდნენ, რომ გზას ცოტათი მაინც შეაკეთებდნენ, ასფალტირებამდე ქვიშით გაასწორებდნენ, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა.

Kulikam 3

დღეს, როდესაც აქციის მონაწილენი პირველად მივიდნენ მერთან, იურიკ უნანიანმა რამდენიმე მათგანი მიიღო და პრეტენზიები მოისმინა. პრობლემის მოსაგვარებლად მერი დაპირდა, რომ ოთხი სატვირთო მანქანით ქვიშას მიიტანენ. თუმცა, სოფელ კულიკამის მოსახლეობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

მეორედ მერიის დარბაზში აქციის ყველა მონაწილე ავიდა. ამჯერად იურიკ უნანიანი დაპირდა, რომ მერია აღნიშნული გზის ასფალტირებისათვის პროექტს მოამზადებს, ხოლო წელს გზას ქვიშით გაასწორებენ. მან აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში პირადად მივა ადგილზე, რათა პრობლემას სიღრმისეულად გაეცნოს.

.