სიტუაცია, რომელშიც პანდემიის პირობებში აღმოვჩნდით, სრულიად უცხოა თითოეული ჩვენგანისთვის. ადამიანებს სრულიად ახალ და მოულოდნელ გარემოებებთან შეგუება მოუწიათ. არ არსებობდა ქცევის აპრობირებული მოდელი, რომელიც იმ რეალობას მიესადაგებოდა, რომელშიც პანდემიის გავრცელების შემდგომ აღმოვჩნდით. ამ საკითხთან დაკავშირებით jnews -ს ფსიქოლოგი თეო გუბიანური ესაუბრა.

„პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ეს აბსოლუტურად უცხო სიტუაციაა და ახალი ქცევის ჩამოყალიბებას და შესწავლას საჭიროებს, რის გამოც შეიქმნა რიგი პრობლემები. მაგალითად – სწრაფი ცხოვრების ტემპიდან აბსოლუტურად ჩაკეტილ ცხოვრების წესზე გადასვლა. პირველი ე.წ. შოკი კი ის იყო, რომ ვერავინ გაიგო, რა ხდებოდა, როგორ დაეგეგმათ მომავალი და როგორ გაეკეთებინათ საქმე. თუმცა, რამდენიმე კვირის მერე დაიწყო გარკვეული ქცევის ჩამოყალიბება“ – ამბობს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, თავიდანვე არსებობდა გარკვეული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაემარტივებინათ ადამიანებისთვის კარანტინში ყოფნის პერიოდი. რჩევებს შორის იყო – წიგნის კითხვა, ფილმების ყურება, ხატვა და სხვა აქტივობები.

„მეორე და უმნიშვნელოვანესი იყო იმედი, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა. ამის შესაბამისად ჩამოყალიბდა განწყობა, რომ ერთ თვეში ყველაფერი მორჩებოდა“, – ამბობს ფსიქოლოგი. თუმცა რეალობა სრულებით განსხვავებული აღმოჩნდა.

ფსიქოლოგის თქმით, აქ უკვე იწყება არასწორი ქცევის ჩამოყალიბება, რასაც ემატება აგრესია. ადამიანებმა დაკარგეს მუშაობის სურვილიც. ეს ორნაირად შეიძლება განვმარტოთ. პირველი – ეს არის ფრუსტრაციის შედეგი – ანუ “ნაწყენი ვარ ყველაფერზე და აღარ მინდა მუშაობა” – ეს პროტესტის ერთგვარი გამოვლინებაა და მეორე -“რეალურად, რასაც ვაკეთებდი, თურმე არ იყო ჩემთვის ისეთი პრიორიტეტული, როგორიც მეგონა.“

ფსიქოლოგის თქმით, კარანტინის პერიოდში არაერთი ადამიანი მიეჩვია სახლში ჯდომას (რადგან გარეთ გასვლის შიში აქვთ). გარეთ გასვლის დროს ისინი გრძნობენ შფოთვას, ნერვიულობას და, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ხშირად, არც კი იციან რაზე ნერვიულობენ. სახლში მისვლისას კი, წყნარდებიან — რაც თავდაცვითი ქცევაა.

ახალ გარემოსთან შეჩვევა

„ჩვენი ძველი ცხოვრების სტილი – გარეთ გასვლა, სამსახურში მისვლა და ა.შ. – ბევრისთვის უკვე რაღაც სიახლედ აღიქმება. ზოგი, ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას, მაგრამ უმეტესობას მოუწევს ახალ გარემოსთან შეგუება. ადამიანებს დასჭირდებათ გარკვეული პერიოდი (შესაძლოა ერთი წელი) ამ სირთულეების გადასალახად. უფრო რთული ვითარება იქნება იმ ადამიანებთან, რომლებმაც ამ პანდემიის პერიოდში დაკარგეს ოჯახის წევრები, სამსახური, ან შემოსავალი.

უდიდესი სტრესი გადაიტანეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც დაინფიცირდნენ და გადალახეს ვირუსი. ფსიქოლოგის თქმით, მათთვის ეს მდგომარეობა ადვილად დასაძლევი არ იქნება და გააჩენს კითხვებს: „რატომ მე?“ და „როგორ მოვიქცე?“ ამ შემთხვევაში კი ყველაზე მთავარია კარგი ჯანმრთელი გარემო – ოჯახის წევრები და მეგობრები. შესაბამისად ბევრად უფრო რთულად იქნება სიტუაცია იმ ქალებისთვის, რომლებიც პანდემიის პერიოდში გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ან მათდამი განხორციელებული ძალადობის სიხშირემ იმატა.
პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ფსიქოლოგი თეო გუბიანური აღნიშნავს, რომ „თუ ოჯახში აგრესიის წინაპირობა არ ჰქონდათ, მხოლოდ ეს მდგომარეობა მას ვერ გამოიწვევდა“. თუმცა კარანტინის პერიოდში ქალები დარჩნენ ჩაკეტილ სახლში, როგორც მათი, ასევე პარტნიორის მენტალურ მდგომარეობაზე შესაძლოა, პანდემიით გამოწვეულ მოვლენებს გავლენა მოეხდინა. ხოლო გაღიზიანებული და გაუწონასწორებელი ადამიანი შეიძლება უფრო მარტივად გახდეს მოძალადე, ვიდრე მშვიდი, ბედნიერი პიროვნება, რომლის ცხოვრებაც, ასე თუ ისე, თავის კალაპოტშია.

ოჯახური ძალადობა, განსაკუთრებით კი, ქალთა მიმართ ძალადობა, მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.

მსოფლიოს მასშტაბით ქალთა დაახლოებით ერთი მესამედი (35%) ერთხელ მაინც ყოფილა პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კი, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

სტატია მომზადებულია პროექტ „Covid-19-ს ფონზე ოჯახური ძალადობის რისკების შემცირება/პრევენცია თვითიზოლაციაში მყოფი ქალებისთვის მარნეულში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ფრეიას“ მიერ „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ფინანსური მხარდაჭერით.