დღეიდან, 20 მაისიდან, საქართველოს ხელისუფლების «სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების» პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც მიწის მფლობელები დიზელის საწვავზე საშეღავათო ტალონებს მიიღებენ. ამ ტალონების მიღება შესაძლებელია ახალქალაქის მერიის შენობაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში, ასევე იუსტიციის სახლში.

საწვავზე საშეღავათო ტალონების დარიგების პროცესი დღეს ახალქალაქშიც დაიწყო. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და ვირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში 2 მომხმარებლის ყოფნაა შესაძლებელი. ხოლო, იუსტიციის სახლში ტალონის მისაღებად my.gov.ge გვერდზე წინასწარ დარეგისტრირებაა საჭირო.

საშეღავათო ფასში დიზელის საწვავის მიღება ფერმერებს მხოლოდ კომპანია SOCAR Georgia Petroleum-ში შეუძლიათ. შესაბამისი შეთანხმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელს ლევან დათაშვილსა და კომპანია SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორს ლევან გიორგაძეს შორის შედგა. აღნიშნულ კომპანიას ჯავახეთში საკუთარი სერვისცენტრები არ გააჩნია, ფერმერები ტალონის გასააქტიურებლად ახალციხეში უნდა ჩავიდნენ. თუმცა შესაძლებელია, რომ კომპანიამ მომხმარებლების მომსახურებისათვის ხელშეკრულება ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებთანაც დადოს.

საწვავზე საშეღავათო ტალონები იმ სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელებს (საძოვრების გარდა) გაეცემათ, რომლებსაც საჯარო რეესტრში 0,25ჰა და მეტი მიწა აქვთ რეგისტრირებული. ეს შეიძლება იყოს მესაკუთრე, თანამესაკუთრე, იურიდიული ან ფიზიკური პირი. თანამესაკუთრის შემთხვევაში ტალონის მიმღებმა პირმა უნდა წარადგინოს მინდობილობა სხვა მფლობელებისაგან (თუ ისინი ორზე მეტნი არიან და ერთდროულად არ შეუძლიათ კაბინეტში შესვლა).

ტალონის მეშვეობით ფერმერს 20 თეთრიანი შეღავათით (სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებული ფასი) შეუძლია საწვავის ყიდვა, თუკი საწვავის შეძენა კომპანიის ბაზებიდან ხორცოელდება, და 16 თეთრიანი შეღავათით SOCAR-ის ბენზიგასამართ სადგურებში ყიდვის შემთხვევაში.

1ჰა რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 150 ლიტრა საწვავზე მიიღებს საშეღავათო ტალონს, 10ჰა მიწის შემთხვევაში- 1500 ლიტრაზე, და თუკი ფერმერს 100ჰა-ზე მეტი მიწა აქვს- მაქსიმუმ 15000 ლიტრაზე. მაშასადამე, ისინი ვისაც 100ჰა-ზე მეტი მიწა აქვთ ისარგებლებენ შეღავათით არაუმეტეს 15000 ლიტრისა.

თუკი მესაკუთრეს საჯარო რეესტრში ჯერჯერობით არ აქვს მიწა დარეგისტრირებული, მან ჯერ უნდა დაარეგისტრიროს ის და შემდეგ შეუძლია მივიდეს ტალონის მისაღებად. აღნიშნული პროგრამით 200,000 ფერმერზე მეტი ისარგებლებს. ტალონის გამოყენება 2020 წლის ბოლომდე არის შესაძლებელი.