ფერმერებმა, ვისაც 0,25 ჰა-დან 10 ჰა-მდე მიწა აქვთ რეგისტრირებული, «ლიბერთი» ბანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ, სადაც აგრო-ბარათი უფასოდ უნდა გაუხსნან. ბარათზე საქართველოს ხელისუფლების სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული სუბსიდირების პროგრამის ქულები დაერიცხებათ.
საქართველოს ხელისუფლების სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ფერმერებს, რომლებსაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 0,25 ჰა-დან 10 ჰა-მდე მიწა აქვთ დარეგისტრირებული აგრო-ბარათებზე უნდა დაურიცხონ ქულები, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში სხვადასხვა ხარჯებისათვის გამოიყენებენ.
1ჰა მიწისათვის გათვალისწინებულია 200 ქულა, რაც 200 ლარს გულისხმობს. თუ ფერმერს დარეგისტრირებული აქვს 0,25ჰა, მაშინ ბარათზე 50 ქულა დაირიცხება, 0,50 ჰა-ს შემთხვევაში 100 ქულა (ლარი), და ა.შ.
ფერმერები, ვისაც დარეგისტრირებული აქვთ 0,25 ჰა-დან 10 ჰა-მდე მიწა, ქულების\ლარის გამოყენება მხოლოდ შემდეგ დანახარჯებზე შეუძლიათ:
– მცენარეების დაცვის სასუქებისა და ქიმიური და ბილოგიური საშუალებების შესაძენად
– მცენარეების მოვლის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების შესაძენად
– სათესლე ნივთების საყიდლად
ხოლო იმ ფერმერებს, ვისაც 1,25 ჰა-დან 10 ჰა-მდე რეგისტრირებული მიწა აქვთ, ქულების გამოყენება შეუძლიათ როგორც ზემოაღნიშნული მასალებისა და საშუალებების საყიდლად, ასევე აგროტექნიკური მომსახურებებისათვის (ხვნა-თესვა).
თუმცა, აღნიშნული აგროტექნიკური მომსახურების სუბსიდირებით სარგებლობისათვის «სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების» (ყოფილი «მექანიზატორი») კომპანიას უნდა მიმართონ, რომელსაც სერვისცენტრები საქართველოს 12 რეგიონში აქვს განლაგებული. სამცხე-ჯავახეთის ცენტრი ახალციხეში მდებარეობს.
ქულების გამოყენება 2020 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.
პროგრამის ფარგლებში, ფერმერების მაქსიმალური სუბსიდია 2000 ქულას\ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამით დაახლოებით 200 000 ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარს შეადგენს, პროგრამის განხორციელება 2020 წლის 20 მაისს დაიწყება.