Armenian      Russian

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, დაკეტილია ბევრი საბაჟო-გამშვები პუნქტი და საზღვარი, ამასთან ერთად შეიქმნა უკან, საქართველოში დაბრუნების სირთულეები. სომხეთში, ჯერ კიდევ ბევრი ახალქალაქელი რჩება, რომელმაც სახლში დაბრუნება ვერ მოახერხა.

სომხეთ – საქართველოს საზღვრის დაკეტვა, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გამაფრთხილებელი, “საზღვარი ხვალ დაიკეტება, გაემგზავრეთ სახლში”, თუმცა ბევრისთვის ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. მეორე ეტაპი – “დაბრუნდით სახლში, მაგრამ 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარეთ”. მაშინ ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს ზომები დიდი ხნით მიიღეს. თუმცა, სულ მალე ყველაფერი უფრო გამძაფრდა, მესამე ფრაზა იყო – “დაბრუნდით, მაგრამ კარანტინს ყველა შემთხვევაში ვერ გაექცევით“, შემდეგი ეტაპი – “სახლში დაბრუნება და კარანტინში ყოფნა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ “სადახლოს” სასაზღვრო პუნქტის გავლით”, რომელიც მკაცრი კარანტინის რეჟიმშია.

სიტყვა – კარანტინმა ბევრი შეაშინა და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სომხეთში დარჩენა გადაწყვიტეს, სადაც ამჟამად კომენდანტის საათი მოქმედებს.

“ჩემთვის ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. სომხეთში ბავშვების მოსანახულებლად ჩავედი, თან რაღაც საქმე მქონდა. კორონავირუსმა ამ გეგმებშიც შემიშალა ხელი და სახლში დაბრუნებაშიც. ახალქალაქში მარტო ჩემი ქმარი დარჩა. ჯერ ვერ მოვასწარით სახლში დაბრუნება, რადგან არ გვინდოდა ორკვირიან კარანტინში ყოფნა. ახლა კი საერთოდ დაიკეტა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი “ბავრა” (“ნინოწმინდა”), სადახლოს გავლით დაბრუნება არ მინდა, საშიშია, რადგან მარნეულში კორონავირუსი უკვე აღმოაჩინეს. ბავრას საზღვარს თუ გახსნიან, მზად ვარ ორკვირიან კარანტინზე. უკეთესი იქნებოდა, თვითიზოლაცია, მე მზად ვარ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის ფურცელს მოვაწერო ხელი, რომ თვითიზოლაციიდან არ გავალ, მით უმეტეს, ჩვენ სახლში ორნი ვართ”, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები, რომელიც სომხეთში იმყოფება.

სომხეთის უნივერსიტეტებში ბევრი ახალქალაქელი სტუდენტი სწავლობს, მათმა ნაწილმა, რთული ვითარების მიუხედავად სახლში დაბრუნება მოახერხა, ნაწილი სომხეთში დარჩენად ამჯობინებს.

“ჩემი ბიჭი სტუდენტია. სანამ ჩვენ მისი სახლში დაბრუნების გადაწყვეტილებას მივიღებდით, ამასობაში გაირკვა, რომ მას ორკვირიან კარანტინში მოათავსებდნენ. ახლა საზღვარიც დაკეტილია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მაინც თუ ვერ მოვა სახლში, უკეთესია ერევანში დარჩეს, ვიცით მაინც, რომ სახლშია უსაფრთხოდ. როგორც გავიგე, ისინი, ვინც კარანტინში ახალციხეში გადაიყვანეს, პირობებით უკმაყოფილონი არიან”, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები კარინე.

კორონავირუსის მძევლად აღმოჩნდა ის ხალხიც, ვინც სომხეთში სამკურნალოდ იყო წასული.

“სომხეთში ვარ, ავადვმყოფობდი და ვმკურნალობ. მაგრამ, ალბათ, საბოლოოდ რომ გამოვჯანმრთელდები არ დავბრუნდები სახლში. კარანტინზე ფიქრი მაშინებს. ოპერაცია გამიკეთეს და არ მინდა, კარანტინის გამო მდგომარეობა გამირთულდეს. სხვა საკითხია თვითიზოლაცია და სახლში ყოფნა. ამ პირობით დავბრუნდებოდით სახლში”, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 25 წლის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ მოისურვა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გაგრძელდება, მაგრამ, სახელმწიფო საზღვარი რამდენ ხანს იქნება დაკეტილი, როდის დაბრუნდებიან ახალქალაქელები სახლში, უცნობია. პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში ახალ, მკაცრ ზომებს მოითხოვს.