ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 2020 წელს ისევ გამოუყოფს თანხას სოფელი ვარევანს წყალგაყვანილობის ახალი სისტემისთვის. სოფლის წყალგაყვანილობის მილი 2010 წელს გააკეთეს, თუმცა არ გაამართლა.

დღეს, 26 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სოფელ ვარევნის წყალმომარაგება. აღნიშნული საკითხი დღეს განიხილეს ასევე ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის კომისიაში. პროექტის ღირებულება 688 250 ლარს შეადგენს, აქედან 500 000 ლარს რეგიონალური განვითარების ფონდი გაიღებს, ხოლო 188 250 ლარს – ადგილობრივი ბიუჯეტი. ახალი მილის სიგრძე 12,5 კმ -ია. წყალს სოფელში სამსარიდან გაიყვანენ.

როგორც ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის კომისიის წევრმა, ზაქარ ზაქარიანმა განაცხადა, საჭიროა გაკონტროლდეს, რომ მეზობელი სოფლების მცხოვრებლებმა სასმელი წყალი ნათესების მოსარწყავად არ გამოიყენონ, რადგან სოფელ ვარევანში სასმელი არ არის.

ახალი წყალგაყვანილობის გაკონტროლება მერიას ასევე, შესთავაზა სიპან შიპაქტციანმა, რათა მსგავსი პრობლემა არ იყოს.

სოფელ ვარევნის წყალგაყვანილობის სამუშაოებზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო ხვალ მიიღებს.

სოფელი ვარევნის წყალგაყვანილობა 2010 წელს აშენდა. მაშინ ამ სამუშაოებისთვის 180 000 ლარი დაიხარჯა. რადგან მილები რამდენიმე სოფელში გადიოდა, მეზობელი სოფლების მოსახლეობა სასმელ წყალს ​სარწყავად იყენებდნენ და სოფელ ვარევანში წყალი ვერ აღწევდა.

წყალგაყვანილობის ახალი ხაზი სოფლებს არ გადაკვეთს, მილებს გაიყვანენ ჭაობში და დაუსახლებელ ადგილებში.