საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. ქუთაისში ასევე იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. ჯამში მეორე ტურში ექვსი საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები გადავიდნენ.
ესენი არიან: №2 – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, №5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, №10 – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, №24 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, №36 – „გირჩი“, №41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მოხვდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ცხრა უბანი ემსახურება; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 2 140 210.
ცესკო-ს ინფორმაციით, 21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9 521 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5 964 წარმომადგენელი.
20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. დილის 07:00 საათიდან მოქმედებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება აქვს, ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.