ახალქალაქში საზოგადოებრივი მუნიციპალური და სისტემატური საქალაქთაშორისო ტრანსპორტის არარსებობა რაიონის ერთ-ერთი ხანგრძლივი და მწვავე პრობლემაა. პრობლემა მრავალმხრივია: ან ტრანსპორტი არ არის, ან არის, მაგრამ ის კერძოა და არანაირად არ კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან და ამიტომ მისი განრიგი ყოველთვის არ არის მოსახერხებელი მოსახლეობისთვის. Jnews-მა გადაწყვიტა განემარტა, თუ როგორ უყურებენ ამ პრობლემას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის Jnews-მა მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა იმ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც დღეს ჯავახეთის ამომრჩეველს აწუხებს. სხვა პრობლემებთან ერთად, ბევრი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობას ასახელებს, რაც ბევრ რამეში ზღუდავს სოფლის მცხოვრებლებს.
ახალქალაქის მოსახლეობის მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაა.
Jnews-მა ამ პრობლემის მოგვარების ხედვაზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს ჰკითხა, რომლებიც 2024 წლის არჩევნებზე ახალქალაქის მოსახლეობის ხმებისთვის იბრძვიან.
„რა თქმა უნდა, ეს საკითხი აქტუალურია მოსახლეობისთვის. რადგან ვინც თბილისში მიდის, მანქანაც ჰყავს და სახელმწიფო ბენზინიც, არც ბენზინის ფასი იციან და არც გზების მდგომარეობა. ეს ხალხი არასდროს ყოფილა ავტოსადგურზე და არ იციან, რა მდგომარეობაშია. მარშრუტი გვერდზე გადავდოთ, თქვენ ავტოსადგურის მდგომარეობას შეხედეთ. ელემენტარულად ტაბლო არ არის, რათა ხალხმა მარშრუტის გრაფიკი ნახოს. აი ამის მოგვარება მუნიციპალიტეტს საკუთარი ძალებითაც შეუძლია. ხოლო სტუდენტები, სპორტსმენები? სახლში ორი სპორტსმენი გვყავს, ყოველ შეჯიბრზე ერთი და იგივე პრობლემაა, რით ჩავიდეთ, რით ჩამოვიდეთ. ყოველ წელს ამბობენ, რომ ახალქალაქი-სამხედრო ქალაქის, ხოსპიოს მიმართულებით იმოძრავებს ავტობუსი. ეს არ მინახავს. ჩვენ გთავაზობთ სკოლის ავტობუსებს, უფასო საწვავს, ჩვენს პროგრამაში ეს არის“.
„შარშან მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით პეტიცია მივიღეთ, რომლის ფარგლებშიც გვინდა, წელს ბიუჯეტში შევიტანოთ, ანუ უკვე 2025 წელს რეალიზებული იქნება, სადღაც 2 მარშრუტი აუცილებლად გვექნება, შევხედოთ დადებით და უარყოფით მხარეებს, და თუ პროექტი გაამართლებს თავს, მაშინ გავაგრძელებთ. ამასთან, ეტაპობრივად ხდება სასოფლო გზების ასფალტირება და ეტაპობრივად გვექნება პროექტი, რომ ტრანსპორტი მოემსახუროს ჩვენს მოსახლეობას, ეს შედის ჩვენს პროგრამებში”.
„ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით, არამარტო ჯავახეთში, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვაპირებთ დიდი დონორების კონფერენციის მოწყობას, რომ მოვიზიდოთ ფული და 4-5 წელიწადში პრაქტიკულად აღმოვფხვრათ გზების, წყალმომარაგების, გაზმომარაგების, ინტერნეტის და კანალიზაციის პრობლემა. სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ 4, მაქსიმუმ 5 წელიწადში. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპულ დონეზე. ხოლო რაც შეეხება ტრანსპორტს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი გზები გვქონდეს და ყველაზე დიდი პრობლემა, სადამდე იქნება გაყვანილი ცენტრალური გზები, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტი არის უპირველესი აუცილებლობა. მაღალმთიანი და სასაზღვრო რაიონების შესახებ კანონი გვაქვს, ეს თავის დროზე იყო ჩვენი ინიციატივა. ჩვენ ამ კანონის გაუმჯობესებას ვაპირებთ, რათა მაღალმთიანმა რეგიონებმა მეტი მხარდაჭერა მიიღონ სახელმწიფოსგან”.
„თუ ტრანსპორტის საკითხი გამოგვრჩა, ზოგს 5 ლარი უნდა, ზოგს 3 ლარი, მაშინ უკვე შეუძლებელია ამ საკითხის კონტროლი, რადგან ეს არის საკუთრება და, შეიძლება ითქვას, სატრანსპორტო ბიზნესი. ეს უნდა იყოს სპეციალური მუნიციპალური დაწესებულება, ან ამით ავტოსადგური უნდა დაკავდეს. ავტოსადგური გადასახადებს აგროვებს, მაგრამ ფასებს ვერ აკონსტროლებს. ფასების კონტროლი შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს რაიმეთი უზრუნველყოფთ — ბენზინი ან ტექნიკა. ეს არის თავისუფალი საბაზრო უფლება, ადამიანი ამბობს, რომ აი ამდენს ვხარჯავ ან ჩემი ავტონაწილები ღირს ამდენი. საბჭოთა კავშირის შემდეგ ტრანსპორტი ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემად რჩება”.
„ცალსახად, ჩვენს პარტიას ტრანსპორტთან დაკავშირებით პროგრამები აქვს. ეს ხელისიფლება რაღაცას მაინც აკეთებს, მაგალითად, გზების მხრივ, რაღაცები კეთდება, ცვლილებები არის. ახლაც არ წარმოადგენს შესაბამისი სისტემის შექმნა დიდი სირთულეს, და უნდა შეიქმნას. ცალსახად, თუკი ჩვენ აგვიჩევენ, ჩვენ შევქმნით. ერთი ჩვეულებრივი ავტოპარკი სხვადასხვა მიმართულებით და მძღოლებით. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული გვაქვს ეს გამოცდილება. ეს საკითხი მარტივად მოსაგვარებელია, და ჩვენ ცალსახად ამას მოვაგვარებთ”.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი რეალური თვითმმართველობის არსებობაა, ადგილობრივი პრობლემები უნდა მოგვარდეს ადგილობრივად. მოქალაქეები უკეთ იცნობენ ადგილობრივ საჭიროებებს, ხოლო შეზღუდვები და ცენტრალური ხელისუფლების არასაჭირო ჩარევა ხელს უშლის ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას. საგადასახადო რეფორმის შედეგად რეგიონული შემოსავლები თავად რეგიონმა უნდა დახარჯოს და ეს რესურსები არ უნდა მართოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელმა. რის შედეგადაც მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა აღმოიფხვრას, გარდა ადგილობრივი შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებისა, ასევე განვითარდება საქალაქთაშორისო ინფრასტრუქტურა“.