ორმაგი მოქალაქეობის პრობლემა, რომელიც ჯავახეთისთვის აქტუალური რჩება, საკანონმდებლო დონეზეა მოგვარებული, თუმცა რეალურად მოსახლეობას არ შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის ლეგალიზება, რითაც სხვა მრავალ პრობლემას აწყდება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის არქონის მიზეზით არის გამოწვეული.
59 წლის კოლია მანასიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკიდან არის. ის თირკმელის უკმარისობას განიცდის, უკვე მეორე წელია, კვირაში ორჯერ ახალციხეში გემოდიალიზზე დადის, და ყოველ ჯერზე ექიმთან ვიზიტი 200 ლარზე მეტი უჯდება. საქმე იმაშია, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ამიტომ მკურნალობის ხარჯები საკუთარი სახსრებით უნდა დაფაროს. ხოლო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გემოდიალიზის გადასახადს ხელისუფლება მთლიანად უფარავს.
თირკმელის უკმარისობის პრობლემები კოლიას 18 წლის ასაკში გამოუვლინდა, მას შემდეგ რაც, მისი თქმით, საქართველოში ექიმებმა არასწორი მკურნალობა ჩაუტარეს. მკურნალობის გასაგრძელებლად მშობლებმა ის რუსეთში წაიყვანეს. იმისათვის, რომ იქ ინვალიდობის პენსია გაეფორმებინათ, კოლიამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, თუმცა მაშინ საზოგადოებრივი მორალის გავლენის ქვეშ მოქცეულმა მშობლებმა, უარი თქვეს პენსიაზე, რათა ხალხს არ ეთქვა, რომ მათი შვილი ავადმყოფია და პენსიას ღებულობს. შესაბამისად, კოლია დღემდე არავითარ დახმარებას არ ღებულობს.
კოლია მანასიანმა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე განცხადება შეიტანა, თუმცა წარუმატებლად, რადგან გამოცდის ჩაბარება ვერ მოახერხა.
“გასულ წელს შევეცადე საქართველოს მოქალაქეობა მიმეღო, მაგრამ არ გამოვიდა. გადავიხადე 350 ლარი, რათა ორ თვეში პასპორტი მიმეღო. შემეძლო გადამეხადა 250 ლარი, მაგრამ ამ შემთხვევაში 3 თვე დამჭირდებოდა მოცდა. მინდოდა მალევე მიმეღო საბუთი. ჩავედი თბილისის იუსტიციის სახლში, იქ მომიტანეს ტესტი ქართულ ენაზე. მე ქართული არ ვიცი, ჩვენ დროს ვინ სწავლობდა ქართულ ენას?”,- ყვება ის.
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის პრობლემა ახალქალაქის რაიონის სხვადასხვა სოფელში აქტუალურად დგას. თავის დროზე, ადამიანებმა სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, რათა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა შეეძლოთ, ან სხვა მიზეზებით – ეს იქნებოდა განათლება თუ მკურნალობა. ბოლო წლებში ჯავახეთის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობას თანდათანობით კარგავს. ზოგს მოქალაქეობის ჩამორთმევის ცნობა მოსდის, ხოლო ზოგი ამას საზღვრის გადაკვეთის დროს გებულობს.
2017 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლებიც კრძალავს საქართველოს მოქალაქეობის წართმევას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის არსებობის შემთხვევაში. ხოლო 2018 წელს “კანონში საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ცვლილებების შეტანის შედეგად, ქვეყნის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობის მიღების უფლება მიეცათ. ასევე პირებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შედეგად დაკარგეს, იუსტიციის სახლში მიმართვის შედეგად, მისი აღდგენის უფლება მიენიჭათ.
მოქალაქეობის აღდგენის პროცესი დროებით ხასიათს ატარებს, ის 2019 წლის 15 აგვისტომდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ პროგრამა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივეს.
ჩნდება შეკითხვა, რატომ არ წერს განცხადებას ჯავახეთის მოსახლეობა და მოქალაქეობას არ აღადგენს, ხელისუფლებამ ხომ იურიდიულად ყველა პირობა შექმნა.
JNEWS-მა ამ კითხვაზე პასუხის მიღება, იურისტ გურგენ ეზოიანთან სცადა, რომელიც ხალხს მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებში ეხმარება.
“მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განაცხადების შეტანის შეწყვეტის მიზეზი უფრო გასაგებია, ვიდრე მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი. ამ შემთხვევაში კომისიამ ზუსტი მოთხოვნები ჩამოაყალიბა, თუკი პირს მოქალაქეობის აღდგენა სურს, მან გამოცდა უნდა ჩააბაროს. მოქალაქეობის აღდგენაზე ჯავახეთიდან ძალიან ცოტა განმცხადებლები იყვნენ. როდესაც მოდიან და ესმით, რომ ქართულ ენაზე გამოცდის ჩაბარებაა საჭირო, აღარ წერენ განცხადებას. ძირითადად, ყველას იგივე პრობლემა აქვს- გამოცდის ჩაბარება და ენის არცოდნა”,- განმარტა მან.
თუმცა, თავდაპირველად მოქალაქეობის აღდგენაზე გამოცდა არ იყო, მხოლოდ გასაუბრება იყო და ენის არცოდნა დაბრკოლებას არ ქმნიდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატმა თქვა შემდეგი:
“როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, არის ხალხის გარკვეული ჯგუფი, ზოგს აძლევენ, ზოგს- არა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც მეუღლეთაგან ერთს დაუდასტურეს, მეორეს არა, თუმცა ორივემ ერთი და იმავე პრინციპით მიმართა ხელისუფლებას და განცხადებაც იგივე იყო. ზუსტად ამ მიზეზით ბევრი აღარ მიმართავს”,- განმარტავს გურგენი.
საქმე იმაშია, რომ ბევრმა დაკარგა მოქალაქეობა, მაგრამ არის ბევრი ადამიანი, ვინც არის საქართველოს მოქალაქე და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, ისინი უბრალოდ ამას მალავენ. და ბევრი ორი პასპორტით სარგებლობას განაგრძობს, თუმცა ყოველთვის, საზღვრის გადაკვეთისას, იმაზე ფიქრობს და შიშობს, რომ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს.
ეზოიანი აღნიშნავს, რომ კანონის მიღების პერიოდში ბევრი მსურველი იყო, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ბევრს უარს ეუბნებიან, შეწყვიტეს მიმართვა.
სერიოჟა უნანიანის შვილი მსახიობია, ცხოვრობს და მუშაობს სომხეთში და ხშირად სხვა ქვეყნებში დადის, მან სომხეთის ორმაგი მოქალაქეობა მიიღო, რათა მგზავრობისას საბუთები თანამშრომლებთან ერთად ჩააბაროს. ის ქართულ პასპორტსაც ინახავდა, რადგან ხშირად ჩამოდიოდა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, ერთხელ ბაბუა სერიოჟამ შვილის სახელზე წერილი მიიღო, რომლის თანახმადაც მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
უკვე 9 თვეა სერიოჟა უნანიანს შვილი არ უნახავს. შვილი საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაკეტილი საზღვრების გამო ვერ ჩამოდის, ასევე იმიტომ რომ საკუთარი სამშობლოს მოქალაქე აღარ არის.
იურისტი ეზოიანი საკუთარ თავზე არ ღებულობს პასუხისმგებლობას, რათა “ფარული” მოქალაქეობის ლეგალიზების მქონე ადამიანებს რჩევები მისცეს. გასაგებია, რომ შესაძლოა შემდეგ ხალხმა ის მოქალაქეობის დაკარგვაში დაადანაშაულოს.
“თუკი ადამიანს ორმაგი მოქალაქეობის ლეგალიზება სურს, მან 250 ლარი უნდა გადაიხადოს, სომხური პასპორტი წარადგინოს, სამი თვის შემდეგ შესაძლოა გაირკვეს, რომ ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. მაგრამ აქამდე, სომხური პასპორტით მას პრობლემები არ ჰქონია. შეიძლება მე გირჩიოთ მოქალაქეობის შენარჩუნებაზე განცხადების შეტანა და ამით პირიქით, მოქალაქეობის დაკარგვაში შეგიწყოთ ხელი”,- ასკვნის ეზოიანი.
მოქალაქეობის მიღების ან შენარჩუნების შესახებ განცხადების პასუხთა უმეტესობა უარყოფითია, და უარყოფის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ მიზანშეწონილად არ ითვლება ამ ადამიანის მოქალაქეობის შენარჩუნება. ორი თვის წინ Jnews-მა საქართველოს იუსტიციის სახლში განაცხადი შეიტანა, რათა გაეგო, თუ რამდენი განცხადება იყო შეტანილი ჯავახეთიდან მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რამდენი იყო დამტკიცებული ან უარყოფილი, რაზეც დღემდე არ მიუღია პასუხი.
მოქალაქეობის შენარჩუნების სირთულეებსა და პრობლემებთან დაკავშირებით JNEWS-ის შეკითხვებს იუსტიციის სახლიდან უპასუხეს შემდეგი:
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კოდექსის თანახმად, თუკი ადამიანმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, შეუძლია წლის ბოლომდე აღდგენის შესახებ განცხადება შეიტანოს. თუკი პირმა უკვე მიიღო უარყოფითი პასუხი, ერთი წელი უნდა მოიცადოს, რათა კვლავ შეიტანოს განაცხადი. რაც შეეხება ქართული ენის ტესტს, კანონით ისიც სავალდებულოა; გამოცდის ჩაბარებიდან თავისუფლდება ის პირი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N100 წარადგინა იმის შესახებ, რომ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ წარდგება გამოცდაზე და არ შეუძლია წერა. ეს დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განიხილება, შემდეგ გაიგზავნება პრეზიდენტთან”,- თქვეს სამინისტროში.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი ბრძანებს:
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას გამონაკლისის სახით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წინასაარჩევნო პროგრამაში ნათქვამია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების შესახებ. თუმცა, ორმაგი მოქალაქეობის პრობლემის მოგვარებაზე მიმართული პროგრამა არ არის.
ვინაიდან ჯავახეთში არჩევნების წინასწარი შედეგებით ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა სამველ მანუკიანმა გაიმარჯვა, ჩვენ მას მივმართეთ, რათა გაგვერკვია, თუ რა ზომების მიღებას აპირებს მომავალში აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით.
“ჯერ არავითარი ზომა არ მაქვს მიღებული, რადგან პარლამენტი ჯერ არ გვაქვს, როდესაც ხელისუფლება ფორმირებული იქნება, ამ საკითხს პარლამენტში წამოვაყენებ”,- თქვა სამველ მანუკიანმა.
პირველი, რაც ჯავახეთის მცხოვრებმა უნდა აკეთოს არის ის, რომ ოჯახი უნდა არჩინოს, ამიტომ ის სხვადასხვა პერიოდში ამისათვის სხვადასხვა გადაწყვეტილებას ღებულობს. თავის დროზე მსგავსი გადაწყვეტილება იყო სომხეთის ორმაგი მოქალაქეობის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, კიდევ ერთ მოუგვარებელ პრობლემად იქცა.