გუშინ, 11 ნოემბერს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა “კამკის” ინიციატივის ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს, რომელიც ომის პირველი დღეებიდან ფრონტზე იმყოფებოდა. 7-საათიანი დაკითხვის შემდეგ იგი გაათავისუფლეს.
მან განაცხადა, რომ მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.
გათავისუფლების შემდეგ, ჩახალიანმა სომხურ მედიას განუცხადა, რომ იგი აბსურდული ბრალდებებით დააკავეს.
“უპირველეს ყოვლისა, ნიკოლი უნდა გადადგეს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს ზეწოლა და დაპატიმრებები უფრო აჩქარებს ამ პროცესს. აქ 307-ე მუხლის პირველი პუნქტით ჩამომიყვანეს, 7 საათი დასჭირდათ იმის გასარკვევად, თუ რატომ დამაპატიმრეს, რის შემდეგაც მუხლი შეცვალეს. მე დამაპატიმრეს იმ აბსურდული ბრალდებით, რომ თითქოს “თავისუფლების მოედანზე” მიტინგის დროს იქ ვიმყოფებოდი. ჩავიცინე და გამომძიებელს ვუთხარი: “თუ არ იცით საიდან დამაკავეს, თქვენ გაგასამართლებენ”. ნახევარსაათიანი კონსულტაციის შემდეგ, გამომძიებელი მოვიდა და თქვა, რომ შემეძლო სახლში წასვლა. ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცავი ორგანოები ჯიბის სამსახურად აქცია, ის მათ მხოლოდ თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თავისი მოღალატეობრივი პროგრამის განსახორციელებლად იყენებს”, – განაცხადა ვაჰაგნ ჩახალიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციამ და სპეც-სამსახურებმა დაპატიმრებების სერია დაიწყეს, რადგან საომარი მდგომარეობის საფუძველზე მოქალაქეებს აქციების ჩატარების უფლება არ აქვთ.
ფოტო Photolure- დან