ერევანში, „თავისუფლების მოედანზე“, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რითაც შეკრებილები 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა ხელი.

პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ შეთანხმების თანახმად, ყარაბაღის მიმდებარე რეგიონები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ ბრუნდებიან, სადაც ასევე აზერბაიჯანელი ლტოლვილებიც დაბრუნდებიან. 11 ნოემბრიდან კონფლიქტის ზონაში უკვე შევიდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები.

თავიდან ერევნის “თავისუფლების მოედანზე” არც ისე ბევრი ადამიანი შეიკრიბა – რამდენიმე ასეული. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მომიტინგეების დაკავება დაიწყო, აქ უფრო მეტმა ადამიანი მოგროვდა, ახლა ათასობით მომოტინგეა შეკრებილი. შესაბამისად, გაიზარდა სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრების რიცხვი – პოლიციამ შიდა ჯარების მობილიზება მოახდინა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მიტინგი მოაწყეს სადაც მოედანი დემონსტრანტებით გადაიჭედა. შეკრებილები სკანდირებენ: „ნიკოლ მოღალატე!“.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საომარი რეჟიმი საპროტესტო აქცია მაინც გაიმართა, თუმცა არსებული ვითარება კრძალავს მათ ჩატარებას.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მომიტინგე ოპოზიციის ლიდერები დააკავა, რომლებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის მიერ ყარაბაღის შესახებ განცხადების წინააღმდეგ, 17 პარტიული საბჭოს გადაწყვეტილებით გამოვიდნენ.

დააკავეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი, პარტია “სამშობლოს” ლიდერი არტურ ვანეციანი, პარტია “აღორძინებული სომხეთის” ლიდერი გაგიკ ცარუკიანი, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანი ედუარდ შარმაზანოვი, ყოფილი ვიცე-სპიკერი, პარტია “სამშობლოს” წევრი არა საჰაკიანი, “ა-ერ-ეფ დაშნაკცუტინის” უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელი იშხან საღათელიანი, ისევე როგორც ამ პარტიის წევრი, ტელეკომპანია “იერკირ მედიას” ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი გეღამ მანუკიანი.

წარუკიანი მიტინგის დაწყებამდე, მისი სახლიდანვე დააკავეს.

მიტინგის მონაწილეებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და ყარაბაღის შესახებ შეთანხმების გადახედვა მოითხოვეს.

სავარაუდოდ, ყველა ზემოთ აღნიშნული პირი 72 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო აკრძალულია მიტინგების ჩატარება სომხეთში.

ყარაბაღის შესახებ განცხადების თანახმად, მთიანი ყარაბაღის საბრძოლე ხაზის გასწვრივ და მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგებულნი არიან რუსული სამშვიდობოები. სომხეთი აზერბაიჯანს აძლევს აღდამისის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რეგიონებს, აგრეთვე ქალაქ შუშის.

იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის კონტროლის ქვეშ, მთიანი ყარაბაღისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბრუნდებიან. მიმდინარეობს ტყვეთა, სხვა დაკავებულ პირთა და მიცვალებულთა ცვლა. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განბლოკილია. სომხეთი უზრუნველყოფს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოებას, რათა ორივე მიმართულებით მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებელ გადაადგილებას ორგანიზება გაუწიოს.