ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იზოლირებაში მყოფი ამომრჩეველთათვის სპეციალური სიები დაამტკიცა.
ცესკოს მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 10 845 ამომრჩეველი, რომელიც იზოლირებულია ან სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარულ მკურნალობას გადის (საკარანტინო, თვითიზოლაციაში მიყოფება). აღნიშნული პირები ხმის მიცემას მობილური საარჩევნო ყუთის მეშვეობით შეძლებენ.
ცესკოს მიერ ამომრჩეველთა სპეციალური დადგენილი სიების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობაა 3 695, ხოლო სტაციონარულ და საკარანტინო დაწესებულებებში ამომრჩეველთა (სამედიცინო პერსონალის ჩათვლით) რაოდენობა 7 150 შეადგენას.
რაც შეეხება სპეციალური ჯგუფებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლირებულ ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნების პროცესს და ამავდროულად მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, მათი რაოდენობა 1 917 გახლავთ.
ამავე დროს, როგორც ცესკოში აღინიშნა, 30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი მიიღებს ტექსტურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მობილური საარჩევნო ყუთის მეშვეობით შეძლებს.
ცესკოს მონაცემებით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობისა და იზოლირების მიზნით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი, რომლებიც 311 მობილური საარჩევნო ყუთის მეშვეობით მოემსახურებიან ამომრჩეველს.