საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ 3-4 პარტია აწარმოებს. Jnews-ი ცდილობს თვალყური ადევნოს როგორ აწარმოებენ პარტიები კამპანიას ახალქალაქის სოფლებში. 9 ოქტომბერს სოფელ ორჯას, მაჯადიას, თოთხამისა და კორხის მოსახლეობასთან პარტია „ქართული ოცნების“ შეხვედრებს ვადევნეთ თვალი.
„ქართული ოცნების“ პარტიამ სექტემბერში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლებში ვიზიტი დაიწყო. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „მოკრძალებით“ გამოირჩევა. 9 ოქტომბერს სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებზე მხოლოდ 4 მანქანა წავიდა იმ გრძელი კოლონის ნაცვლად, რაც აქამდე, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა. სოფელ ორჯას, მაჯადიას, თოთხამისა და კორხის ამომრჩეველთან შესახვედრად პარლამენტის წევრი ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან სამველ მანუკიანი (რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატთა პარტიულ სიებშია), საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი წავიდა.
სოფლებში, სადაც „ოცნების“ გუნდი დადიოდა, ელოდნენ და ჩასვლისთვის წინასწარ მოემზადნენ, მაგრამ მოსახლეობის მასობრივი მობილიზება არ მომხდარა, როგორც აქამდე ხდებოდა. მიუხედავად სასწავლო პროცესის დროისა, შეხვედრებს ძირითადად სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლების ახლობლები და მეგობრები და სხვები. სოფლებში შეკრებილი მოსახლეობის ნაწილს „ქართული ოცნების“ კამპანიის მაისურები და ქუდები ეცვა.
სოფელ ორჯაში, ადგილობრივი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს სამველ მანუკიანს სოფელში ახალგაზრდული ცენტრის გახსნაში დახმარება სთხოვეს. სამველ მანუკიანი სოფელ ორჯადანაა, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ თანასოფლელის დახმარების იმედი აქვთ.
„ტერიტორია გამოგვიყეს, გარემონტება ესაჭიროება“, – თქვეს მოსწავლეებმა.
სამველ მანუკიანი დაპირდა, რომ მოიფიქრებს და რამეს გააკეთებს.
ორჯას შემდეგ კამპანია სოფელ მაჯადიაში გაგრძელდა. აქ ოცნების წარმომადგენლებს 50-მდე ადამიანი შეხვდა აპლოდისმენტებით. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები, სკოლის მასწავლებლები და სხვა მცხოვრებლები. „ოცნების” დელეგაციას მიესალმა და დამსწრე საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ანაიდ პარონიანმა წარუდგინა.
„ჩვენი სკოლა და კოლექტივი მზად არიან კვლავ აირჩიონ 41, რადგან გაიზარდა მასწავლებლების ხელფასი, გაიხსნა ახალი სამუშაო ადგილები ბილინგვური განათლების სპეციალისტებისთვის, განათდა სოფელი, სოფელში დამონტაჟდა სანაგვე ურნები, რაც ძალიან დასაფასებელია, სოფელი სავსე იყო ნაგვით, ახლა ყველაფერი სუფთაა. მე, როგორც სკოლის დირექტორი, მადლობას გიხდით მასწავლებლებისა და მოსწავლეების სახელით“, – თქვა სოფლის სკოლის დირექტორმა პარონიან ანაიდმა.
მისი გამოსვლის შემდეგ კვლავ აპლოდისმენტები გაისმა და სიტყვით გამოვიდა მელქონ მაკარიანი.
„რაიონში ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ, როგორც ერთმა ადამიანმა, აჩვენოთ თქვენი აქტიურობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენი კარგი მეგობარი სამველ მანუკიანი წელს ისევ დეპუტატობის კანდიდატია, მადლობა პარტიას, რომ ასე ექცევა სომეხ ხალხს, ჩვენი ნომერი- 41-ია“, – თქვა მელკონ მაკარიანმა და სიტყვა სამველ მანუკიანს გადასცა.
მელქონ მაკარიანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა დასრულებულ ან დაგეგმილ სამუშაოებზე, კერძოდ, რომ სოფელ მაჯადიამდე გზა მალე მოასფალტდება.
„ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლებმა ყველა სოფელში კამპანიის აქცენტი გაამახვილეს იმაზე, რომ მათი პარტია არის მშვიდობის გარანტი საქართველოში და ყველა დანარჩენი მოიზიდავს ომს.
„გთხოვთ, დღეს ჩვენი სახელმწიფოს გზის არჩევის პრობლემა გვაქვს. რთული გზა უნდა გავიაროთ. თუკი ისეთი ადამიანები, როგორიც ჩვენ ვართ, სახელმწიფოს გვერდში არ ვიდგებით, მისთვის რთული იქნება. წინააღმდეგობას ვერ გაუწევს იმ ძალებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ იზიდავენ. მათ უნდათ დესტაბილიზაცია. თწვენი ხმა თუ არ გვექნება, შეუძლებელი იქნება ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მასწავლებლების ხელფასის გაზრდა, განათება, გზების მშენებლობა- ეს ყველაფერი არაფრად იქცევა, თუკი ჩვენი ქვეყანა ერთ დღეს საომარ სიტუაციაში აღმოჩნდება. თუკი ხშირად გესმით სიტყვა ომი. ამით ჩვენ არგაშინებთ, აუცილებლად უნდა ავიცილოთ თავიდან ეს, როგორც ეს დღემდე ხდებოდა. ჩვენი სახელმწიფოს დიპლომატია და სპეციალისტები საკმარისია იმისათვის, რომ ამას გავექცეთ. არ ვიყოთ როგორც უკრაინა. დღეს „ქართული ოცნების გარდა, სხვა პარტიისთვის ხმის მიცემა დანაშაულის ტოლია“, – თქვა სამველ მანუკიანმა.
მან აღნიშნა, რომ სომხების სიებში მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ ჰყავს გადამსვლელ ადგილებში.
„დღეს მონაწილე 19 პარტიიდან მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ იცნობთ, მეორე პარტია არ არის, სადაც ვინმეს იცნობთ. მხოლოდ “ქართული ოცნების” სიებში სომხდბი გადამსვლელ ადგილებზე არიან, სხვა პარტიების სიებში სომხები 50, 90 ნომრებზე მაღალია და გამორიცხულია, რომ ვინმემ გადალახოს. გარწმუნებთ, არის სხვა მოძრაობები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ეს ხალხი მხოლოდ ფულს აკეთებს, ეს არის ბიზნესი“, – დაამატა სამველ მანუკიანმა.
პარტიის წარმომადგენლებმა პირად საუბარში შეკრებილებს ცალ-ცალკე უპასუხეს, მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი აწუხებდა.
სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელ მაჯადიაში „ოცნება“ პირველი პარტია იყო, რომელმაც წელს კამპანია ჩაატარა.
სააგიტაციო კამპანია სოფელ თოთხამში გაგრძელდა, იქ დაახლოებით 30 ადგილობრივი ადამიანი იყო.
წინასაარჩევნო შეხვედრა ამ სოფელში იმავე სცენარით მიმდინარეობდა. სამველ მანუკიანმა თოთხამელებს იგივე უთხრა, რაც სოფელ მაჯადიაში და მოუწოდა მათ ხმა მისცენ „ოცნებას“.
„ჩვენს გარდა ყველა ჩვენი მეზობელი საომარ მდგომარეობაშია და ყველა საქართველოში გამორბის და ჩვენ ჩვენი ხმით უნდა დავეხმაროთ, რომ სახელმწიფომ მშვიდობიანი თანაცხოვრება გააგრძელოს. თუკი იქნება მშვიდობა, გზაც იქნება და თქვენც ყველაფერი გექნებათ“, – თქვა სამველ მანუკიანმა სოფელ თოთხამში.
მელქონ მაკარიანმა ისაუბრა შესრულებულ სამუშაოზე და იმ სამუშაოებზე, რომელსაც, მისი თქმით, მალე განახორციელებენ.
სოფელ თოთხამში მცხოვრები ლარვენტ ხრიკიანი სოფელში სასმელი წყლის ნაკლებობას უჩიოდა და აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ არჩევნების დროს იხსენებენ.
„უკვე 12 წელია მოდიხართ და ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ, წყალზე, ოთხი წლის წინ მოხვედით, იგივეზე ვლაპარაკობდი, ახლა მოხვედით, 4 წლის შემდეგ, იგივეს ვლაპარაკობ. ოთხი წლის განმავლობაში ჩვენთან არ მოდიოდით, რომ გენახათ როგორ ვცხოვრობთ. სახლებში წყალი არ გვაქვს, როგორ ვიცხოვროთ უწყლოდ”,- თქვა მან.
სამველ მანუკიანმა უპასუხა, რომ კავშირი მოსახლეობასა და ხელმძღვანელობას შორის უნდა იყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
მელქონ მაკარიანმა უპასუხა, რომ სოფელ თოთხამისთვის ცალკე წყალმომარაგების ხაზის გაყვანას გეგმავენ.
„არ ვიცით რა ეფირება პროექტი, მაგრამ საუბარია დიდ თანხებზე. პროექტი დიდია, სოფლის დასაწყისში აშენდება წყალსაცავი, საიდანაც წყალი გადანაწილდება სახლებზე. ამ მიზნისთვის წელს უკვე 200 ათასი ლარი დავამტკიცეთ“.
პარტიის წარმომადგენლებმა შეკრებილების სხვა კითხვებზეც ცალ-ცალკე უპასუხეს.
სოფელ კორხში „ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ძირითადად მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სასწავლო პროცესის დრო იყო. დაახლოებით 50 ადამიანი შეიკრიბა.
პარტიის წარმომადგენლების რიტორიკა ისეთივე იყო, როგორც წინა სოფლებში.
სოფლის მცხოვრებმა თოფუზიან ორომსიმამ სთხოვა სახელმწიფომ კარტოფილის რეალიზაციაში დახმარება გაუწიოს, ის უჩიოდა, რომ კარტოფილის რეალიზაციის მხრივ არაფერი იგეგმება.
მერგელ ავაგიანი დაინტერესდა, რატომ გაჭიანურდა საბავშვო ბაღის მშენებლობა და სოფლის გზის რეაბილიტაცია.
მელქონ მაკარიანმა საბავშვო ბაღთან დაკავშირებით თქვა, რომ საბავშვო ბაღი სოფელში იქნება, სახსრები და პროექტი არის, მუშაობა მომავალ წელს დაიწყება.
სოფლის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სოფიო ბერიძე ჩიოდა, რომ სოფელში არც ბიბლიოთეკაა, არც ტრენაჟორები, არც ახალგაზრდული ცენტრი, არც სოფლის გზაა ასფალტირებული და ამ ყველაფრის კეთილმოწყობაში დახმარება სთხოვა.
მელქონ მაკარიანმა უპასუხა, რომ მათ არ აქვთ სოფელში ყველაფრის ერთდროულად აშენების საშუალება და, რომ ეს ყველაფერი თანდათან იქნება.