ზუგდიდში, “საქარველოს ბანკის” ოფისში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი მძევლებიდან ერთ-ერთის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი მოითხოვს, რომ შენობაში, რომელშიც მან მძევლები აიყვანა, ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მიიტანონ და მისცენ გარანტია, რომ უსაფრთხოდ დატოვებს შენობას.

როგორც მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა, შეიარაღებულ პირთან ერთ ოთახში 19 ადამიანი იმყოფება.

“შენობის ერთ ოთახში 19 ადამიანი ვართ. თავდამსხმელი კბილებამდეა შეიარაღებული, მას აქვს ავტომატი, მცირე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში, ამიტომ ამ ვითარებაში ყველანაირი ძალისმიერი გადაწყვეტილება გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლებს შორის მსხვერპლს. თავდამსხმელი ითხოვს 500 ათას აშშ დოლარს. ის ახლა ჩემს გვერდით იმყოფება. მე თავდამსხმელის მითითებით გესაუბრებით. ის ამბობს, რომ მოითხოვს 500 ათას აშშ დოლარს და გარანტიას იძლევა, რომ მძევლებს უსაფრთხოდ გაუშვებს. იმ შემთხვევაში, თუ ძალისმიერი სტრუქტურები არ ჩაერევიან და მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, მისი თქმით, არავინ დაზარალდება. ის ასევე, ითხოვს ვერტმფრენს, ან თანახმაა ავტომობილით გაემგზავროს მძევლებთან ერთად. შენობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვერტმფრენი დაჯდეს”, – აცხადებს მძევალი.