დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ამაზე არც კი ვფიქრობთ. ეს ოფიციალური პოზიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი საკითხი პოლიტიკური სპეკულაციისთვისაა გამოყენებული. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემია გლობალური გამოწვევაა, რამაც მთელი საქართველო უნდა გააერთიანოს.
„არანაირი ფორმატის წინააღმდეგი არ ვართ, სამწუხაროდ, საკმაოდ ტოქსიურ წინასაარჩევნო პირობებში, ნებისმიერი თემა გამოყენებულია პოლიტიკური სპეკულირებისთვის. ჩვენ ამისთვის არ გვცალია. თორემ, არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასდროს, განსაკუთრებით ქვეყნისთვის გამაერთიანებელ საკითხებზე. ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ მდგომარეობაში მსგავსი გლობალური გამოწვევა უნდა გამხდარიყო გამაერთიანებელი ოპოზიციისა თუ მთლიანად საქართველოსი. ასეც მოხდა გარკვეული გამონაკლისების გარდა, როცა ზოგიერთ პირს ხან ტესტირების რაოდენობა არ მოსწონდა, ხან სხვა რაღაც, ხან დაკეტვის წინააღმდეგი იყო, ხან გახსნის. ეს ყველაფერი არ შეიძლება სპეკულირების საგანი იყოს. ნებისმიერი შინაარსობრივი დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ.
რაც შეეხება არჩვენებს, დღეის მდგომარეობით, არანაირი საფუძველი არ არსებობს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ამაზე არც კი ვფიქრობთ. ეს ოფიციალური პოზიციაა. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება“, – განცახდა გიორგი გახარიამ.