10-11 ოქტომბრის ღამე სტეფანაკერტის მოსახლეობამ, კვლავ სარდაფებში გაატარა. შაბათს 12:00 საათიდან გამოცხადებული ზავი, ერთ დღეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. სომხეთის მხარემ აზერბაიჯანი მოლაპარაკების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს დასდო ბრალი და ქალაქ განჯას ახალ დაბომბვაზე ინფორმაცია გაავრცელა. სომეხი სამხედროები ქალაქის დაბომბვას უარყოფენ.

შაბათს, დღის მეორე ნახევარში სტეფანაკერტში დიდი ხნის განმავლობაში პირველად არ ისმოდა საჰაერო განგაშის ხმა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც ორ კვირაზე მეტია დღეებს სახლის სარდაფებში ატარებენ, ქუჩაში გამოსვლა და საკუთარ ბინებში ასვლა დაიწყეს.

სროლების შედეგად დანგრეული ელექტროსადგურის გზაზე სამი პენსიონერი გვხვდება, ისინი უკანასკნელ სიახლეებს განიხილავენ და დროდადრო, შიშნარევად იყურებიან ჰაერში.

სარქისს დაბადების დღე ჰქონდა და მეზობლებთან ერთად სარდაფში აღნიშნა: “გუშინ 70 წელი შემისრულდა. ჩვენ კურდღელი დავკალით, მოვხარშეთ კარტოფილი, არაყი მუდამ გვაქვს. როგორც აღნიშნავენ დაბადების დღეებს, ისე აღვნიშნეთ”, – ამბობს ის.

“ჩვენ ამ შენობაში ვცხოვრობთ, – გვაჩვენებს უახლოეს ხუთსართულიან შენობას. — მაგრამ ახლა ბინაში ყოფნა სახიფათოა, ჩვენ სარდაფში ვართ. ეს ორი კვირა სარდაფში გავატარეთ. პირველი ომის დროს რვა თვის განმავლობაში სარდაფში ვიყავით”.

მოხუცები სარდაფში

“ყოველ დღე თითო ჭურვი გვეცემა: ერთი დღე იქ, მეორე დღეს აქ, მესამე დღეს იქ, – აღწერს კვარტლის სამხედრო ცხოვრებას მისი თანამოსაუბრე გევორგი. — ისინი ქალაქს უტევენ. მე ოთხი პატარა ბავშვი და ორსული მეუღლე მყავს. დილით ადრე, 7 საათზე, დაიწყეს ქალაქის დაბომბვა. ჩემი სახლი არ დაზარალებულა, მაგრამ მეზობლის – კი. ისინი არ უყურებენ, ვის ურტყამენ, უბრალოდ ბომბავენ”.

Arcax
გევორგს და სარგისს მოსკოვში მოლაპარაკებების შედეგად გამოცხადებული ზავის თავიდანვე არ სჯეროდათ. თუმცა, შაბათის დილა სტეფანაკერტში მშვიდი იყო, სროლები სამხრეთის ფრონტზე ქალაქ გადრუტში მიმდინარეობდა, ხოლო დილით ადრე სროლები სომხურ ქალაქ კაპანთან ახლოს მდებარე სოფლების მიმართულებით დაიწყო.

სარგისს საკუთარი სახლის სარდაფში მივყავართ, რათა გვაჩვენოს, რა პირობებში ცხოვრობდნენ ორი კვირის განმავლობაში მეზობლებთან ერთად. -“ეს ჩვენი საპირფარეშოა”,- გვაჩვენებს ეზოს შემოღობილ მონაკვეთს.

“აქ ჩვენ სიახლეებს ვიგებთ, – გვაჩვენებს ძველი კასეტის მაგნიტოფონს. — წყალგაყვანილობის მილი გასკდა, ამიტომ წყალი ჩვენ თვითონ მოგვაქვს. ახლა კი გთხოვთ დაიხაროთ, აი, ჩვენი სარდაფი. აქ სასადილოა”.

მიუხედავად გამოცხადებული შეთანხმებისა, სარდაფში ჯერ კიდევ რჩება, რამდენიმე ასაკოვანი ქალი, რომლებსაც ჯერ ეშინიათ ბინაში ასვლის და ითხოვენ მათი სახელები არ გამოვაქვეყნოთ.

“საერთოდ არის მოლაპარაკება? — აზუსტებს ერთ-ერთი მათგანი. — ზუსტად თუ გვეცოდინება, რომ მოლაპარაკება არის, გამოვალთ, სახლში მაინც მივალთ. არ ვიცით. იქნებ დაბომბვა დაიწყონ? დილით განგაში იყო. პირველის ნახევრამდე იყო განგაში, შემდეგ პირველზე იყო, აი მოლაპარაკება”.

“პირველი ომის დროსაც აქ ვცხოვრობდით და მეორეს დროსაც, უკვე მესამე ომის გადატანა გვიწევს, – საუბარში ერთვება მისი მეზობელი”, — ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება უკანასკნელი, და ჩვენ გვაღიარებენ. ცოდო არ არის ამდენი ახალგაზრდა კვდება? აი, ტალღის (აფეთქების) შედეგად მირბოდა და წაიქცა. შეხედეთ, როგორი სახე აქვს. რატომ უნდა დავეცე? ჩემი შვილები იქ ომობენ, მე კი არაფერს ვაკეთებ, ვერც კი ვუკავშირდები მათ”.

Stepanakert

ქალები სუფრის გარშემო სხედან, სადაც ჭიქები და კანფეტები აწყვია. კედელთან ახლოს მილებზე სანთლებია მიმაგრებულია ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, რომ დაანთონ. საუბრის განმავლობაში, რამდენჯერმე მივარტყი თავი სარდაფის ჭერს, რის გამოც უხერხულობა მექმნება ამ ქალებთან: ომის დროს ჟურნალისტები შედარებით უკეთესად არიან დაცულები, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა.

სარდაფის მცხოვრებნი ყვებიან, რომ, რამდენიმე დღის წინ ელექტროსადგურის ოფისი დაბომბეს მათ სახლთან ახლოს. ხოლო მომდევნო დღეს ჭურვი საღებავების მაღაზიას მოხვდა, ასე რომ ის მთლიანად გადაიწვა: “ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე არ ვართ, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, ქალაქის თავზე, რამდენი უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავს. ჩვენ მათ ვხედავთ. რამდენი ვერტმფრენი და თვითმფრინავი დაფრინავს. განა ასე შეიძლება მშვიდობიან მოსახლეობასთან?”

 

“მოწინააღმდეგეში არ გაგვიმართლა”

რამდენიმე კვარტალში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

სანამ ჩვენ მის ნაპირზე დავდივართ და ვმარჩიელობთ, რა შეიძლება მოფრენილიყო, მოპირდაპირე სახლიდან ასაკოვანი ქალბატონი გვიყურებს, ხელს გვიქნევს და სახლში გვეპატიჟება.

არლეტა მირზოიანი მთელი ცხოვრება ყარაბახში ცხოვრობდა და, როცა ომი დაიწყო, არსად ევაკუაციაზე არ ფიქრობდა. ყველა ბავშვი სომხეთში წაიყვანეს, ხოლო მან და სხვა მოხუცებმა მთელი ეს დღეები სარდაფში გაატარეს. ის ამბობს, რომ არ შეეძლო წასვლა, რადგან ფრონტზე მისი ორი ბიჭი და ორი შვილიშვილი იბრძვის: “ისინი საზღვარზე სხვადასხვა ადგილას არიან, როგორ დავტოვო ისინი და აქედან წავიდე? ეს შეუძლებელია”.

არლეტა ჩაის ადუღებს, გვიმასპინძლდება მაყვლის მურაბით და ყვება, რომ მისი შვილიშვილებისთვის ეს მეორე ომია: ისინი მონაწილეობდნენ საბრძოლო ქმედებებში, როდესაც მთიან ყარაბახში 2016 წლის გაზაფხულზე მორიგი დაძაბულობა მოხდა. ერთ-ერთი მათგანი მაშინ 18 წლის იყო, მეორე – 20-ის. “ისინი მაშინ იბრძოდნენ. ახლაც ნებაყოფლობით მოვიდნენ სომხეთიდან სამშობლოს დასაცავად”.

Stepanakaert1

“პროფესიით ბებიაქალი ვარ, მაგრამ ახლა პენსიაზე ვარ”, — ამბობს არლეტა საკუთარ თავზე, — “ჩემი უფროსი შვილი სისხლძარღვთა ქირურგია, უმცროსი იურისტია. შვილიშვილები ერევანში უნივერსიტეტში სწავლობენ, ერთი იურიდიულზე, მეორე ფინანსურზე. ჩემი გოგო პეტერბურგშია. დიდი ოჯახი გვაქვს. მე მინდოდა, რომ მშვიდობა ყოფილიყო და ბავშვები არ დაღუპულიყვნენ, ეს საშინელებაა”.

არლეტას, რომელიღაც მეზობლისგან სმენია, რომ შეთანხმება ორი დღე გაგრძელდება, სტეფანაკერტის სხვა მცხოვრებლები, რომლებსაც “ბი-ბი-სის” ჟურნალისტები ხვდებოდნენ, 72 საათიან შეთანხმებაზე საუბრობდნენ. მაგრამ ღამე მთიანი ყარაბახის დედაქალაქს კვლავ შეექმნა სროლების საფრთხე და მოსახლეობას სარდაფებში დაბრუნება მოუწია.

სომხეთმა აზერბაიჯანი ცეცხლის შეჩერების მოლაპარაკების დარღვევაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა ქალაქი განჯა დაბომბეს და ამან გამოიწვია შეთანხმების დარღვევა.

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში “ბი-ბი-სის” კითხვაზე, ახალი სროლები ნიშნავს თუ არა შეთანხმების დასასრულს და აქტიურ საბრძოლო ქმედებებზე გადასვლას, განაცხადეს: ” ძნელი სათქმელია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, რაც ხდება, შორს არის შეთანხმების დაცვისგან. ჯერ არ ვიჩქარებთ, ვნახავთ, ამჯერად რას მოიფიქრებენ. მოწინააღმდეგეში არ გაგვიმართლა და მორჩა”.

წყარო: BBC