ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სოფელ ორჯის საჯარო სკოლა საკუთარი, დაზოგილი სახსრებით გარემონტდება. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
პირველი სკოლა სოფელ ორჯაში 1950 წელს აშენდა და 1999 წლამდე ფუნქციონირებდა. მოგვიანებით, ავარიული მდგომარეობის გამო შენობის ექსპლუატაცია შეჩერებული იყო. ამის შემდეგ, ადგილობროვ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, სკოლა კულტურის სახლის შენობაში გადანაცვლდა. იმ დროიდან დღემდე, 20 წლის განმავლობაში, სკოლაში რემონტი არ ჩატარებულა. სკოლას ესაჭიროება სახურავის, იატაკის გარემონტება, ასევე სკოლაში არ არის გათბობის სისტემა.
თავდაპირველი მიზეზი, რის გამოც მრავალი წლის განმავლობაში არ რემონტდებოდა სკოლა, მდგომარეობდა იმაში, რომ შენობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არ ეკუთვნოდა. ახლა პრობლემა მოგვარებულია, შენობა გაყოფილია ორ ნაწილად, ერთი ნაწილი-სკოლაა, მეორე- კულტურის სახლი. სკოლის შენობა ახლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბალანსზეა და გარემონტება უკვე შესაძლებელია.
როგორც მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები აღნიშნავენ, რემონტის საკითხის მოსაგვარებლად სკოლის დირექტორმა ძალ-ღონე არ დაიშურა.
“მრავალი წლის განმავლობაში, სახსრების დაზოგვით, მან დღეს მიაღწია იმას, რომ სკოლა რემონტდება”,- თქვა სოფელ ორჯის საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა.
ამჟამად კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს, ცვლიან სახურავის ნაწილს, არემონტებენ სამ საკლასო ოთახს, სველ წერტილს და საქვაბეს. სკოლის დირექტორის, ნვერ მინასიანის თქმით, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, და შესაძლებელია, რომ სამუშაო დაგეგმილზე ადრე დასრულდეს.
“უკვე მესამე დღეა რაც სამუშაოები დაიწყო. რემონტი სკოლის დაზოგილი სახსრებით კეთდება, მე ბევრი რამის გარემონტება მინდოდა, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანს ვაკეთებთ- გაგვყავს შუქი, სკოლის შესასვლელ კარს ვცვლით, გათბობის სისტემა გაგვყავს, სამ საკლასო ოთახს ვარემონტებთ, ყველაზე აუცილებელს ვაკეთებთ”,- ამბობს სკოლის დირექტორი, ნვერ მინასიანი.
გამოცხადებული იყო სკოლის მშენებლობის ელექტრონული ტენდერი, რომელიც შპს “მშენებლობა 2016”-მა 138 000 ლარით მოიგო.
სოფელ ორჯის სკოლაში 82 მოსწავლე სწავლობს, მუშაობს 13 მასწავლებელი.