საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამტკიცდა ბრძანება, რომლის თანახმად, ადამიანი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში იმყოფრბოდა, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ტესტების გარეშე თვითიზოლაციაში და კარანტინში გადის.
გამყრელიძის თქმით, თუ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის მქონე პირებს რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ, ისინი თვითიზოლირებისგან, 12 დღის შემდეგ, ყოველგვარი ტესტების გარეშე თავისუფლდებიან.
“თუმცა, თუ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირები იწყებენ მსუბუქი სიმპტომების გამოვლინას ისეთი, როგორიცაა მაღალი სიცხე, მსუბუქი ხველა და მცირე გაჭირვებით სუნთქვა, მათ ამის შესახებ უნდა აცნობონ ექიმს და PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ. თუ ტესტი დადებითი აღმოჩნდა, მათ მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლის თანახმად, ინფიცირებული პაციენტის მსგავსად ჩაუტარდებათ”, – განაცხადა გამყრელიძემ.