ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა. ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩაძე აცხადებს, რომ 30 წლის ქალი 20 კვირის ორსული იყო და ის კლინიკაში 27 ივლისს ზოგადი სისუსტითა და ტემპერატურით მოათავსეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვაჩაძემ განუცხადა, თავდაპირველად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ 13 აგვისტოს გადაიყვანეს.
„გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იყო 20 კვირის ორსული. 27 ივლისს მოგვმართა და ამ დროს უკვე დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი. შემოსვლისას ის იყო 18 კვირის ფეხმძიმე. ჰქონდა ზოგადი სისუსტე, ტემპერატურა, იყო აუცრელი. ჰქონდა კუნთების და ყელის მცირე ტკივილი. თავიდან სრულიად სტაბილური იყო. მოთავსდა მეან-გინეკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც დაეწყო მკურნალობა. რამდენიმე დღეში პაციენტმა იგრძნო მდგომარეობის გაუარესება. დასჭირდა ჟანგბადი, ჩვეულებრივი ნიღბით მიწოდებული დაბალი ჟანგბადი იყო საკმარისი, ამიტომ თავდაპირველადვე, მიუხედავად იმისა, რომ რეანიმატოლოგები იყვნენ საქმის კურსში, მსუბუქი მიმდინარეობის გამო რეანიმაციისკენ არ გაგვიხედავს.
გაუარესება დაიწყო 12 აგვისტოდან, როდესაც დასჭირდა CPAP დახმარება -ვენტილაციაზე მიერთება ნიღბით. 13-ში გადავიყვანეთ რეანიმაციაში, 16 აგვისტოს მოგვიწია კომაში და სრულ მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა. გუშინ ჩაუტარდა თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია. დიალიზმა რაღაც რიგი ფიზიოლოგიური პროცესების გაუმჯობესების საშუალება მოგვცა, მაგრამ გოგონას რესურსები გამოლეული ჰქონდა და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება. იყო 30 წლის, ჯანმრთელი ახალგაზრდა“, – განაცხადა ვაჩაძემ.