გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 184 ფაქტი გამოავლინეს. აქედან სამცხე-ჯავახეთში კანონდარღვევის 28 ფაქტი დაფიქსირდა.
“ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 88 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 28 ფაქტი, იმერეთში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, აჭარაში – 11, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 9, მცხეთა მთიანეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 265 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 18 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.