სოფელ აზავრეთის მოსწავლეები სოფელ ბურნაშეთის სკოლაში ივლიან, სანამ მათ სკოლაში საფუძვლიანი რემონტი არ დასრულდება, თუმცა ბავშვების გადაყვანის საკითხი ჯერჯერობით მოუგვარებელია.
სოფელ აზავრეთის სკოლის მოსწავლეებს, მე-5 კლასიდან ზემოთ, სკოლაში რემონტის მიმდინარეობის გამო, საქართველოს განათლების სამინისტრომ გამონაკლისის სახით ნება დართო დისტანციურად ჩაატარონ გაკვეთილები. პირველიდან მე-4 კლასამდე მოსწავლეები, რომლებიც საერთო ჯამში 40 ბავშვს შეადგენს, სოფელ ბურნაშეთის სკოლაში მეორე ცვლაში ივლიან.
თუმცა, სოფელ აზავრეთის სკოლის დირექტორის, სლავიკ ეგიაზარიანის თქმით, ბავშვების გადაყვანის საკითხი ჯერ მოუგვარებელია. დღევანდელ დღემდე მძღოლებს, რომლებსაც მგზავრები სომხეთში გადაჰყავდათ, ბავშვები დირექტორის თხოვნით მეზობელ სოფელში დაჰყავდათ. თუმცა, მოგვიანებით, მათ უარი თქვეს ბავშვების გადაყვანაზე იქამდე, სანამ პირობები არ გახდება ცნობილი.
“მძღოლებს აინტერესებთ სახელმწიფო, რამდენს გადაუხდის მათ, აწყობთ თუ არა, 15 სექტემბრიდან ბავშვები დღეში, რამდენჯერმე მიჰყავდათ, ჩემი თხოვნით. დღეს უკვე მძღოლებმა უარი თქვეს, ამბობენ, რომ სანამ საკითხი არ მოგვარდება, ხელშეკრულებას არ მოაწერენ ხელს, თუკი პირობები მათთვის მისაღები იქნება, ტრანსპორტირებას განაგრძობენ”, – ამბობს სოფელ აზავრეთის სკოლის დირექტორი სლავიკ ეგიაზარიანი.
მისი თქმით, 15 სექტემბერს ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით მერიას განცხადებით მიმართა, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ვალერი სტელმაშოვმა JNEWS-ს განუცხადა, მიმართვის ტექსტი განათლების სამინისტროს იმავე დღეს გაუგზავნეს და პასუხს ელოდებიან.
“პასუხს აგვიანებენ, სანამ პასუხს არ მივიღებთ, ვერაფერს მოვიმოქმედებთ. მათ თანხმობა უნდა მოგვცენ და სოფელ ბეჟანოს სკოლისთვის ფინანსები დაგვიმატონ. გუბერნატორსაც ვთხოვეთ ამ საკითხის მოგვარება, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია”, – აცხადებს იგი.
სტელმაშოვის თქმით, ეს არა მუნიციპალური, არამედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაა და თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ გამოყოფენ.
სოფელ აზავრეთიდან სოფელ ბურნაშეთამდე მანძილი, სადაც ბავშვები უნდა ატარონ, 2100 მ-ს შეადგენს. ნორმატივებით, 1 კმ 2,50 ლარის ოდენობით ფინანსდება. სოფელ აზავრეთის სკოლაში 168 მოსწავლე სწავლობს.
სოფელ აზავრეთის გარდა, ამავე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სოფელ კოკიას, მურჯახეთის და ზაქის მოსწავლეებიც. ამ სკოლებში სარემონტო სამუშაოები არც თუ დიდი ხნის წინათ დაიწყო.