დღეს, 28 სექტემბერს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ევროპული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატმა, არსენ კარაპეტიანმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც სომხურ მხარეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ძალიან მტკივნეულია, როცა კვლავ იღვრება სისხლი! ძალიან მტკივნეულია, როცა მოხუცებისა და ბავშვების სისხლი იღვრება! როგორც სომხეთი და არცახი ამტკიცებს, საზღვრებისა და ტერიტორიების დაცვა საიმედო ხელშია, უფრო მეტიც, გმირების ხელშია! დარწმუნებული ვარ, რომ მოწინააღმდეგეს შეაჩერებენ და ამ აგრესიისთვის ისინი დამსახურებულ საფასურს გადაიხდიან! მაგრამ ჯერ მთელი მსოფლიო და ცივილიზებული საზოგადოება ცეცხლის შეჩერებისკენ მოუწოდებთ, ბრძოლა გრძელდება, იღუპებიან სამხედრო პირები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქე სომხები, სოლიდარობას ვუცხადებთ სომხეთს და არცახს და მზად ვართ, ნებისმიერი შესაძლებელი და შეუძლებელი დახმარება გავუწიოთ. ჩვენმა სომხეთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მზად არის დაიცვას საკუთარი მიწა, წინაპრების საფლავები და საკუთარი შვილების მომავალი! ყველა არამზადა, დაქირავებული და ბავშვის მკვლელი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს!”,- წერს იგი.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, დაახლოებით 07:15 საათზე, აზერბაიჯანის მხარემ საჰაერო და სარაკეტო-საარტილერიო სროლები განახორციელა ყარაბაღის შეიარაღებული ძალებისა და აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზზე, განხორციელდა დარტყმები დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის ქალაქ სტეფანაკერტზე. სომხური მხარე 59 დაღუპულის შესახებ იტყობინება. დამოწმებული მონაცემებით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაახლოებით 200 სამხედრო პირი, 30 ტანკი და 20 უპილოტო მფრინავი აპარატი დაკარგა.