მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.
დღესასაწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში 10.00 საათზე დაიწყო.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ “მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარები. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.