წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში საბავშვო მოედანი აშენდება. სოფელ კარტიკამმა ამ პროგრამით 20 000 ლარი მიიღო.
სოფელ კარტიკამში საბავშვო მოედნის აშენების ტენდერი ორჯერ – ივლისში და აგვისტოში- კონკურსში მონაწილეთა არარსებობის გამო ჩაიშალა. მესამე ჯერზე ტენდერი შედგა, რომელიც ზარმარ ზარმარიანმა 20 000 ლარით მოიგო.
სოფელ კარტიკამში მერის წარმომადგენლის შალო ელიზბარიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოები მალე დაიწყება. მისი მტკიცებით, მშენებლობა გადაიდო, რადგან ამ სამუშაოების განხორციელების ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. საბავშვო მოედანი სოფელში ამბულატორიასთან აშენდება.
“ამბულატორიასთან, სადაც საბავშვო მოედანი უნდა ააშენონ, არის ბოძი, რომელიც მშენებლობას უშლის ხელს. ენერგოგამანაწილებელი კომპანია ამ დღეებში აღნიშნული ბოძის მოხსნას დაგვპირდა, რის შემდეგაც სამშენებლი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება”,- ამბობს შალო ელიზბარიანი.
თებერვალში სოფელ კარტიკამში გაიმართა შეხვედრა, სადაც მოსახლეობა სოფლის პრობლემებს და პრიორიტეტულ სამუშაოებს განიხილავდა, რომლის განხორციელებასაც “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის მიერ გამოყოფილი სახსრებით შეძლებენ. შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანხას საბავშვო მოედნის მშენებლობისათვის გამოიყენებს.