პარტიამ – “ლელო საქართველოსთვის”, 4 სექტემბერს ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოცკარ ფუთულიანი წარადგინა. პროფესიით ექიმი, ქირურგი სოცკარი – ახალი სახეა პოლიტიკაში, რომელსაც პოლიტიკური ბექგრაუნდი არ აქვს.
მომავალ არჩევნებში პარტია “ლელოს” მაჟორიტარ დეპუტატად ხართ წარდგენილი. რატომ “ლელო”?
– ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მანამდე არ გვითანამშრომლია. 14 აგვისტოს მნახეს, ხოლო 15 სექტემბერს წარმადგინეს. რადგან “ლელო” – არასაპარლამენტო პარტიაა, წარდგენის თარიღი იყო დანიშნული. მე ეს პარტია იმ მარტივი მიზეზით ავირჩიე, რომ პარლამენტში არ შედიოდა, ხელისუფლებაში არასდროს ყოფილა და ახლანდელ ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო ის, რომ პარტიაში ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტია – ეს კარგი შესაძლებლობების მქონე დიდი ჯგუფია.
გაქვთ თუ არა პოლიტიკური წარსული?
– არასდროს მქონია პოლიტიკური მიზნები, არასდროს მქონია პოლიტიკური ამბიციები. უბრალოდ ამის დრო მოვიდა.
როგორ აფასებთ საკუთარ შანსს არჩევნებზე?
– შანსი საკმაოდ მაღალია, როგორც ცნობილი ქველმოქმედი, 4 წელია უფასოდ ვმკურნალობ ხალხს, ცუდი არაფერი გამიკეთებია.
რა დონეზე ფლობთ სახელმწიფო ენას?
– რასაკვირველია, ვფლობ სომხურ ენას – ეს ჩემი მშობლიური ენაა. საშუალოდ ვფლობ რუსულ ენას. ასევე ვფლობ ფრანგულ, ბერძნულ, და შესაბამისად, ლათინურ ენებს. ქართული წერისა და კითხვის დონეზე, სალაპარაკო ენაზე ელემენტარულად ვსაუბრობ. ჩემი ქართული ენის ცოდნა ფარდობითია. შემიძლია კითხვა და წერა, მაგრამ ეს არ არის საპარლამენტო დონე.
ასეთ შემთხვევაში, როგორ წარადგენთ პარლამენტში თქვენი სამაჟორიტარო ოლქის პრობლემებს?
– გეთანხმებით, ამის გაკეთება რთული იქნება და ბუნებრივია, რომ პარლამენტში საჭიროა ის, ვინც კარგად ფლობს ქართულ ენას. მაგრამ თუკი ადამიანს მუშაობის სურვილი აქვს… პრობლემა პარლამენტში წარდგენით არ გვარდება. მე უფრო მეტად, კანონპროექტების შემუშავება მინდა, რათა ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანა მოვახერხოთ. ამ საქმეში, რამდენად მნიშვნელოვანია ენა?
რა პრობლემებზე იმუშავებთ თქვენ?
– კანონპროექტები, ყველაზე დაუცველი მომენტები. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენთან მედიცინა. საჭიროა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება. ასევე, მიწების პრობლემები, რომლის წინაშეც მოსახლეობა დგას. ბუნების დაცვის, ტურიზმის განვითარების სერიოზული პროგრამები არის. ასევე, ვიმუშავებთ ხალხის სერიოზულ, სოციალურ პრობლემებზე. ზუსტად ამ საკითხებს მივაქცევ ყურადღებას.
უკვე დაიწყეთ წინასაარჩევნო აგიტაცია?
– ჯერ მომზადების ეტაპზე ვართ, პლაკატებს, ბუკლეტებს ვბეჭდავთ. გახსნილია ორი შტაბი – ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. გარკვეული დროის შემდეგ აქტიურ მუშაობას დავიწყებთ.
ხელს გიშლიან თუ არა საქმიანობაში?
– არა. დღევანდელ დღემდე არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა.