ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სოფელ გომანში სასმელი წყლის პრობლემის საბოლოო მოგვარებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახსრები გამოყო. აღნიშნული სამუშაოების შესრულების ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში სასმელი წყალი ყველას არ ჰყოფნის, რადგან სასმელი წყლის აუზი პატარა მოცულობისაა, წყალი თვითდინებით ვერ მოედინება, რის შედეგადაც დაახლოებით 45 ოჯახი, სასმელი წყლის პრობლემის წინაშე მუდამ დგას. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, მერიამ წელს 55`991 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.
სოფელ გომანში მერის წარმომადგენლის, ვაჰე მოვსესიანის თქმით, ოლავერდის მხრიდან სოფელში 15 ოჯახია, ასევე სოფელ არაგვას მხრიდან 30 ოჯახი, რომლებიც სასმელი წყლის აუზით სარგებლობენ, იქიდან საგრძნობლად ზემოდ ცხოვრობენ, სასმელი წყალი იქ არ აქვთ. ვინაიდან წყალი თვითდინებით ვერ მიედინება, ამისათვის ტუმბოები გამოიყენება, რომლებიც ხშირად ფუჭდება, და ხალხი მუდმივად ჩივის.
მისი მტკიცებით, 2019 წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის მიერ გამოყოფილი 16 000 ლარით, მოსახლეობამ აუზი ააშენა, თუმცა ამან სასმელი წყლის პრობლემა ვერ მოაგვარა.
“წელს, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55`991 ლარი გამოყეს, ვიმედოვნებთ, რომ წყლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება”,- ამბობს სოფელ გომანში მერის წარმომადგენელი, ვაჰე მოვსისიანი.
სოფელ გომანში აუზის მშენებლობის ტენდერი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, 27 აგვისტოს გამოაცხადა. განაცხადის მიღების ბოლო ვადა- 9 სექტემბერია. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ტენდერი შედგება.