დღეს სოფელ თორიას მოსახლეობამ ახალქალაქის პოლიციის შენობასთან პროტესტის აქცია გამართა. ისინი დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
დღეს, 26 აგვისტოს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში საძოვრებზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაკავებულების მიმართ მიღებული იყო 3 თვის ვადით წინასწარი პატიმრობა.
“ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბიჭები გაათავისუფლონ. გვითხრეს, რომ გაათავისუფლებენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2 თვით დააკავებენ. ჩვენ ახალგაზრდების გათავისუფლებას მოვითხოვთ, რადგან ისინი არასრულწლოვანს იცავდნენ. პრობლემა იყო თიბვის დროს, თავს დაგვესხნენ. თურქებმა არასრულწლოვანი სცემეს”,- უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ JNEWS-ს.
დილიდან ამ დრომდე სოფელ თორიას მოსახლეობა ახალქალაქის პოლიციის შენობასთან სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. სოფლის მოსახლეობის თქმით, ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს დაპირდა, რომ სოფელ თორიას სამ ახალგაზრდა დაკავებულს დღეს გაათავისუფლებენ, თუმცა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მიიღო.
“დილის 9 საათიდან ვსხედვართ, არცერთი პოლიციელი არ მოგვიახლოვდა, არაფერს ამბობდნენ, დაახლოებით 15:00 საათისათვის მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენი ბიჭები დააკავეს”,- თქვა ახალქალაქის პოლიციის შენობასთან შეკრებილთაგან ერთ-ერთმა მონაწილემ.
სოფელ თორიას მცხოვრებლებმა JNEWS-თან საუბრისას თქვეს, რომ ჩხუბის მონაწილეები 23 აგვისტოს ნინოწმინდაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.
“მთელ რაიონში ყველა ამბობს, რომ თურქები გვაწუხებენ. ორი რაიონი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, თორემ ერთი სოფელი ვერაფერს შეცვლის: “სად არის სოფელ თორიას მოსახლეობა?”-ასე არჩევნების დროს ამბობენ. ახლა კი მოვიდნენ და დაგვიცვან. ბანდის მეთაური ნინოწმინდაში თავისუფლად გადაადგილდება, ჩვენი ბიჭები კი დააკავეს”,- თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ხაჩატურმა.
“ჩემი ბიჭი დასახიჩრებულია, თურქმა დაარტყა. მითხარით ერთი, ვინ არის თურქი, რომ მოვიდეს აქ და ჩემს საკუთარ საძოვრებზე ჩემს შვილს დაარტყას? ჩვენი წინაპრების 100 წლიანი მიწების მოსათიბად წავედით, თურქი გვეუბნება, თქვენ არ უნდა მოთიბოთო. პოლიციამ დაგვიყოლია და მოგვიყვანა აქ”,- თქვა სხვა მონაწილემ.
სოფელ თორიას მოსახლეობამ ახალქალაქის პოლიციის შენობა იმ პირობით დატოვა, რომ ბიჭებს 4-5 დღეში გაათავისუფლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიას მცხოვრებლებსა და აზერბაიჯანელებს შორის ინციდენტი მოხდა. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანელები სოფელ თორიას მცხოვრებლების კუთვნილ საძოვრებზე ცხვარს აძოვებენ, სოფლის მოსახლეობამ ცხვარი გარეკა, რის შემდეგაც შეკამათება მოხდა. საქართველოს შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, არიან დაჭრილები და დაკავებულები. საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით დაიწყო, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მართვას და ორგანიზებას გულისხმობს.