გუშინ, 23 აგვისტოს, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიას მცხოვრებლებსა და აზერბაიჯანელებს შორის. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანელები სოფელ თორიას მცხოვრებლების კუთვნილ საძოვრებზე ცხვარს აძოვებდნენ, სოფლის მოსახლეობამ ცხვარი გარეკა, რის შემდეგაც დაიწყო შეკამათება. საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, არიან დაჭრილები და დაკავებულები.
სოფელ თორიას ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, მათ 16 წლის ბავშვი გააგზავნეს თუშებთან, რათა ბავშვს ეთქვა, რომ მათი ცხვარი საძოვრებიდან გაერეკათ, მაგრამ თუშებმა ბავშვი ცემეს, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი.
JNEWS-თან საუბრისას ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა: “ჩვენ სათიბი მინდვრები გვაქვს, მივედით და დავინახეთ, რომ თურქები ჩვენს ტერიტორიაზე ცხვარს აძოვებდნენ. ცხვარი გავრეკეთ, და ასე დაიწყო კამათი და ჩხუბი. შემდეგ მათ ჯგუფით თავს დაგვესხნენ. დაახლოებით 3-4 მანქანით იყვნენ, ჩვენც ვიყავით ბევრნი, მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით- ზოგი თიბავდა, ზოგი კი ისევე იდგა. მოვიდნენ და ხის და რკინის ხელკეტებით დაგვესხნენ თავს. ისე გამოვიდა, რომ ჩვენებიდან სამი ადამიანი დააკავეს. არ ვიცი, მათი მხრიდან თუ არიან დაკავებულები. ჩხუბი საძოვარზე მოხდა. ჩვენ სამართლიანობას ვითხოვთ, გვინდა გავიგოთ, ვინ “უბიძგებს” მათ ასეთ ნაბიჯებისაკენ, ხალხს ესხმიან თავს, მათ ქართველი მესაზღვრეების ცემაც კი გაბედეს”.
თორიას მცხოვრებლების თქმით, მათგან 5-6 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი ბავშვია. მათ ნინოწმინდის საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
სოფლის მოსახლეობის თქმით, წარსულში აზერბაიჯანელებთან პრობლემები არ ჰქონიათ, ეს პირველი სერიოზული ინციდენტია, რომლის შესახებ უკვე ყველამ შეიტყო.
როგორც JNEWS-ს საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ამჟამად ორივე მხრიდან დაკავებულია 11 ადამიანი, მიმდინარეობს გამოძიება.
საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით დაიწყო, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთის ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით. ამჟამად გამოძიება ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მართვას და ორგანიზებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დილით სოფელ თორიაში მომხდარი ინციდენტის გამო ნინოწმინდის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სოფელ თორიას მოსახლეობა, სამი დაკავებული მცხოვრების გათავისუფლებას ითხოვდა.
ფოტო Radio Nor-დან