დღეს, 26 აგვისტოს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიება განესაზღვრათ. 11 დაკავებულ პირს დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 2 თვის ვადით წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრა.
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს შედგება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით დაიწყო, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მართვას და ორგანიზებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიას მცხოვრებლებსა და აზერბაიჯანელებს შორის ინციდენტი მოხდა. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანელები სოფელ თორიას მცხოვრებლების კუთვნილ საძოვრებზე ცხვრებს აძოვებენ, სოფლის მოსახლეობამ ცხვრები გარეკა, რის შემდეგაც შეკამათება მოხდა. საქართველოს შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, არიან დაჭრილები და დაკავებულები.
სოფელ თორიას ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, 16 წლის ბავშვი თუშებთან გააგზავნეს, რათა იმათ ცხვრები საძოვრებიდან გაეყვანათ, მაგრამ მათ ბავშვი სცემეს, რის შემდეგაც ჩხუბი მოხდა.
თორიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 ადამიანი, რომელთაგან 3 სოფელ თორიას მცხოვრებია.