დაშორებულ სოფელ მოდეგამში ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა სოფლის მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად ბუნებრივი აირის არარსებობას და გზების სავალალო მდგომარეობას ასახელებს.
სოფელი მოდეგამი ახალქალაქიდან 30 კმ-ში მდებარეობს. მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად თვითმმართველობის ორგანოებს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სოფელი მოდეგამი 1830 წელს, სოფელ აზავრეთის მოსახლეობის ნაწილის მიერ არის დაარსებული. დღეს სოფელში 190 ადამიანი ცხოვრობს.
აქ ხალხი ძირითადად სოფლის მეურნეობით, მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით არის დაკავებული.
სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა მდებარეობს იმაში, რომ ის ქალაქიდან შორს არის განლაგებული, ხოლო გზები უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ზამთარში გზა ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იკეტებოდა, და მაცხოვრებლები იძულებულნი იყვნენ მშობიარობა სოფლის მედ-პუნქტში მიეღოთ.
მათ არ აქვთ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, სოფლის მოსახლეობამ თვითონ გააკეთა ხელოვნური ტბა.
“არჩევნების დროს ასწორებენ გზას, შემდეგ კი ივიწყებენ ყველაფერს”,- ამბობს სოფლის ყოფილი ექთანი ჟუჟუნა პეტროსიანი.
ბუნებრივი აირის არარსებობა სოფელ მოდეგამის უმთავრეს პრობლემად რჩება.
“გაზსადენი მილი სოფლიდან 800 მეტრში გადის, მაგრამ სოფელი ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. პირობების არარსებობის გამო მოსახლეობა თანდათან გადადის სხვაგან. ჩემი შვილისშვილებიც არ ცხოვრობენ ჩემთან, რადგან აქ მათთვის არაფერია საინტერესო”,- ამბობს ქალბატონი ჟუჟუნა.
სოფელში აღნიშნავენ, რომ მათ არჩევნებიდან არჩევნებამდე იხსენებენ, ყოველთვის პირდებიან, მაგრამ არაფერს უკეთებენ. წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამო სოფელი დღითიდღე იცლება.
“მრავალი წლის განმავლობაში იტყუებოდნენ და არაფერს აკეთებდნენ, სოფლის მოსახლეობა რომ დაუფიქრდეს, არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ აღარ მიიღებს. ისინი მოდიან, არჩევნების დროს პირობას გვაძლევენ და შემდეგ არ ასრულებენ, ყოველთვის ერთი და იგივე, და ჩვენ უკვე რამდენი წელია ბუნებრივი აირის გარეშე ვართ. ამ დროში ბუნებრივი აირი არ გვაქვს, მხოლოდ ჩვენ დავრჩით გაზის გარეშე. ბატონი მკოიანი დაგვპირდა, შემდეგ, როდესაც მასთან მივედით, თქვა, რომ ბუნებრივი აირის გაყვანა ძვირი ჯდება, და არაფერი გააკეთა”,- ამბობს სოფელ მოდეგამის მცხოვრები სტეფან ჩახალიანი.
სოფლის სკოლა 9 წლიანი, საბაზოა. იქ 8 მასწავლებელი ასწავლის, ხოლო მოსწავლეების რაოდენობა 10-ს შეადგენს.
“მე-9 კლასის შემდეგ მოსწავლეები მეზობელი სოფლების სკოლებში გადადიან. პირობები გააუმჯობესეს, სახელმწიფომ ტრანსპორტი გამოყო, და მოსწავლეებს სხვა სკოლამდე მისვლა და უკან დაბრუნება მარტივად შეუძლიათ”,- მოგვითხრობს სკოლის მასწავლებელი ჟუჟუნა პეტროსიანი.
მოდეგამში არ არის არავითარი ცენტრი იმისათვის, რომ ახალგაზრდობა რამით დაკავდეს.
“ბიბლიოთეკები დაკეტილია, კლუბი არ არის, სკოლა დახურვის პირას დგას”,- ამატებს ჟუჟუნა პეტროსიანი.