დღეს, 21 აგვისტოს, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” პარტიის მხრიდან ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის, მარტინ მკოიანის, კუთვნილი Mercedes მარკის ავტომანქანის აფეთქება სცადეს. აფეთქების შედეგად მარტუნ მკოიანს სმენა ნაწილობრივ დაუქვეითდა.
JNEWS-ის შეკითხვაზე, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მარტუნ მკოიანმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, რაც განმარტა იმით, რომ ცუდად ესმის. დეპუტატმა ენზელ მკოიანმა შემდეგნაირად დააკომენტარა მოვლენა:
“დღეს სტუმრები მყავდა, მათთან ერთად ვიყავი, როდესაც ჩემ ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ მასთან ახლოს დიდი აფეთქება იყო, რის გამოც მას სმენა დაუქვეითდა. გარდა ამისა, მანქანაზე ჭვარტლი იყო, უსაფრთხოების 6-ვე ბალიში გაიხსნა. ადგილზე მივედი, ვნახე, რომ ხის ტოტები იყო მოტეხილი, აფეთქების შედეგად ხის ძირას ორმო წარმოიქმნა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მაღალსართულიანი შენობების მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ. აფეთქება ქალაქის ცენტრშიც გაიგონეს”.
დეპუტატი საკუთარი ძმის ავტომანქანის აფეთქების მცდელობას საკუთარ საქმიანობასთან უკავშირებს და ამტკიცებს, რომ სამიზანე იყო თვითონ, და არა მისი ძმა, მარტუნ მკოიანი.
“და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად, შეგნებულად კეთდება. გუშინ ჩემი ძმის მანქანით ჰესებთან ვიყავი გასული, ალბათ, ესაც გაითვალისწინეს. შესაძლოა, ჩემს Facebook-გვერდზე ნახეთ, რომ 20 ივლისს დამირეკეს და მაშანტაჟებდნენ, რათა სახლიდან არ გამოვიდე, არჩევნებში არ მივიღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე ძვირფასს წამართმევენ. მეორედ 24 ივლისს კვლავ დამირეკეს Viber-ზე, რუსული ნომრიდან, და დიდი თანხის გადარიცხვას მთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომკლავენ. მან თქვა, რომ 15 წელი იჯდა და მზად არის კიდევ 20 წელი იჯდეს ციხეში, თუ მე მოთხოვნას არ შევასრულებ. და მე, როგორც დეპუტატმა, შანტაჟის ფაქტზე მთავარ პროკურატურას მივმართე. მივმართე შოთაძეს. არ ვიცი, რატომ, გადასცეს საქმე ახალციხის პოლიციის განყოფილებას. და დღეს მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ვფიქრობ ეს ხალხი- შემთხვევითი არ არის. 26 მარტს ჩემზე მკვლელობის მცდელობა იყო განხორციელებული, არის ვიდეოჩანაწერები, და დღეს იქამდე მივიდა ყველაფერი, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი შვილები და მეუღლე, მათი ფსიქიკა დაირღვა, მათ ღამეები არ სძინავთ, წამლებს სვამენ. რადგან ასეთი რაღაცები ხდება, დღეს ჩვენ დაუცველები ვართ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ვფიქრობ, რომ სამიზნე ვიყავი მე, და არა ჩემი ძმა”,- ამბობს ენზელ მკოიანი.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს დეპუტატ ენზელ მკოიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ მკოიანს აშანტაჟებენ, ემუქრებიან მოკვლით და ითხოვენ ფულს. ენზელ მკოიანის ადვოკატის თქმით, მას მკვლელობით ემუქრებიან
უკვე 12 აგვისტოს, საქართველოს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემას ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ფაქტების გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობების გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. ენზელ მკოიანის შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო