ახალქალაქის მეთევზეები შეწუხებული არიან, რადგან მდინარის კალმახი ჩვენთან გადაშენების პირას არის. კალმახის ეს სახეობა მდინარე ფარავანში ბინადრობს და წითელ წიგნშია შეტანილი. გადაშენების მიზეზს მეთევზეები ბრაკონიერებს და «ფარავნის» ჰესს ასახელებენ. ბრაკონიერებზე კონტროლი მიმდინარეობს, «ფარავნის» ჰესს თევზგამტარი მოწყობილობა აქვს, თუმცაღა მდინარეში აშკარაა კალმახის პოპულაციის შემცირება.
სამოყვარულო თევზჭერით ახალქალაქში დაახლოებით 100 ადამიანია დაინტერესებული. ეს მათი ჰობია. უკვე რამოდენიმე წელია, რაც თევზის პოპულაციის შემცირებაზე ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, განსაკუთრებით კი მდინარის კალმახის შემცირებაზე. ერთ-ერთ მიზეზად მეთევზეები ბრაკონიერების მომრავლებას ასახელებენ, რადგან ისინი თევზს დენით ქვირითობის პერიოდშიც კი იჭერენ, როდესაც თევზჭერა აკრძალულია. მათი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება.
«ეს ჩვენი სიმდიდრეა, რატომ ხოცავთ თევზს. ჩვენ დავდივართ სათევზაოდ, ვისვენებთ და ნორმალური ხერხით ვიჭერთ თევზს. მე ვისვენებ, როდესაც თევზს ვიჭერ. ყველა ბრაკონიერს საკუთარი ადგილი გააჩნია, ისინი ერთმანეთს ადგილის გამო ებრძვიან. ოროჯალარიდან ხოსპიომდე ბრაკონიერებმა გაინაწილეს ადგილები და დენით იჭერენ თევზს. თევზი გაქრა, გთხოვთ, დაგვეხმარეთ»,- ამბობს ერთი მეთევზე.
მეთევზეები ამბობენ,რომ მათი შფოთვა დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ ყოველ წელს სიტუაცია უფრო უარესდება.
«ჩვენ ბრძოლით დავიღალეთ. ერთხელ ახალციხეში ეკოლოგიის ინსპექციაში დავრეკეთ, ისინი ჩამოვიდნენ, მე ვაჩვენე, თქვეს ვიპოვით და წავიდნენ. სანამ ისინი ახალციხიდან ჩამოდიან, ბრაკონიერები თავიანთ საქმეს ამთავრებენ და მიდიან. ინსპექტორები მხოლოდ დღისით არიან, ბრაკონიერები კი თევზს ღამე იჭერენ»,- თქვა მეორე მეთევზემ.
მეთევზეები განგაშს წევენ: მდინარის კალმახი გადაშენების პირას არის.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორის პაატა პარუნაშვილის თქმით, ისინი 24 საათიან რეჟიმში აკვირდებიან და მონიტორინგს ახორციელებენ. მუშაობს 5-6 ბრიგადა.
«ჩვენი ბიჭები ყოველდღე ფარავანს და მტკვარს აკონტროლებენ, მაგრამ მათი სამუშაო დაცვის პუნქტზე არ არის, ისინი არ დგანან ერთ ადგილას, ყოველ დღე 25-30კმ-ს გადიან, დღისით და ღამით აკონტროლებენ. იყო შემთხვევა თვეში 10 ადამიანი დააჯარიმეს, მართალია, ეს ყოველ თვე არ ხდება. ბრაკონიერებს პოლიციაც აკავებს»,- თქვა პაატა პარუნაშვილმა.
პაატა პარუნაშვილის თქმით, თუ ადმინისტრაციული დარღვევის ჯარიმა ითვალისწინებს 100-დან 500 ლარს, მაშ ამკრძალავი ხერხებით თევზჭერა- ეს უკვე არ არის ადმინისტრაციული დარღვევა, ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ისჯება.
თუმცა ბრაკონიერების თქმით, თევზებისათვის საფრთხეს მხოლოდ ისინი არ წარმოადგენენ.
«ბრაკონიერების გარდა გადაშენებას ასევე ხელს უწყობს «ფარავნის» ჰესი. თევზი ქვირითობის პერიოდში მუდამ მაღლა ამოდის, მაგრამ ჰესს ამის ადგილი არ აქვს, ისინი ეჯახებიან კედელს და ჩერდებიან»,- ჩივის მესამე მეთევზე.
მიხაილ კოლიკიდი -არასამთავრობო ორგაზნიზაცია «სამოქალაქო ფორუმის» წევრი, სადაც გარემოს დაცვის საკითხებით იყო დაკავებული, ასევე გახლავთ ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრი, თვლის, რომ ქვირითობის პერიოდში ჰესები ნამდვილად ქმნიან ბარიერებს.
«ხიზილალის დასაყრელად თევზი ზემოდ, ნინოწმინდამდე ადის, გადის ნაკადულებში, ამიტომ მას მდინარის კალმახი ჰქვია, მაგრამ იმისათვის, რომ კაშხალში თევზის მაღლა აიწიოს, გასასვლელი არ არის»,- ამბობს ის.
ჯერ კიდევ, როდესაც «ფარავნის» ჰესის მშენებლობის საკითხი მერიაში (მაშინ ჯერ კიდევ გამგეობა) განიხილებოდა, მიხაილ კოლიკიდი იმ კომისიის წევრი იყო, რომელიც ეკოლოგიაზე ჰესის ზემოქმედებას განიხილავდა.
«როდესაც ჰესის მშენებლობა მოინდომეს, გამგეობაში შეხვედრა გაიმართა, ჩამოვიდნენ გარემოსდაცვითი სამსახურის წარმომადგენლები. მაშინ ჩვენ გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხებით იყო დაკავებული. ამ კომისიაში მეც შევდიოდი. პროექტში თევზების გასასვლელი არ იყო გათვალისწინებული, ჩვენ ვთხოვდით, რომ ის აუცილებლად აშენებულიყო და დაგვპირდნენ კიდეც. დაგვპირდნენ გაეკეთებინათ თევზგამტარი ობიექტები, თუნდაც მხოლოდ ქვირითობის პერიოდში, მაგრამ თევზი ადის მაღლა და კაშხალზე შეჯახების შედეგად დასისხლიანებული ჩერდება. კი, პრაქტიკულად გააკეთეს, მაგრამ ეს არის ფიქტიური, ვინაიდან გასასვლეში საერთოდ არ არის წყალი, როგორ გაცურავს თევზი ქვირითობის დროს. ეს პრობლემა წარმოიქმნა, როგორც კი ჰესი ააშენეს და აღინიშნება კალმახის და არა მარტო კალმახის რაოდენობის მწვავე შემცირება»,- ამბობს მიხაილ კოლიკიდი.
იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ არის თუ არა «ფარავნის» ჰესის ტერიტორიაზე თევზგამტარი ობიექტები, ჩვენ კონკრეტულად წყალგაყვანილობის სადგურზე მივედით.
«ფარავნის» ჰესის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, მისი ექსპლუატაცია კი 2014 წელს მოხდა. ჰესი თურქულ კომპანია «Georgia-Urban Energy»-ს ეკუთვნის.
«ფარავნის» ჰესის ეკოლოგი დავით ზაზაძე უარყოფს ინფორმაციას მასზედ, რომ თევზებს ქვირითობის პერიოდში მაღლა გასასვლელი არ აქვთ, გვაჩვენა თევზგამტარი ობიექტები, ე. წ. “თევზსავალები”.
დავით ზაზაძის თქმით, ისინი ევროპული სტანდარტებით მუშაობენ.
«აქ თუ არ იქნება წყალი, გარემოს დამცველი აუცილებლად მოვა, ისინი აკონტროლებენ. თევზგამტარების გარეშე ეკოლოგია პატარა ჰესებსაც კი არ აძლევს მუშაობის უფლებას. მონიტორინგს ჩვენ წელიწადში 4-ჯერ ვატარებთ. ყველა თევზი გადის გასასვლელში, თუ არ გადის გვერდით არის ჟალუზები, ისინი ბრუნდებიან და ეძებენ დინების მიმართულებას, რომ ავიდნენ მაღლა. ისინი მაღლა ინსტიქტურად მიცურავენ და სხვა გასასვლელს ეძებენ. როდესაც ჰესს ხსნიდნენ, დაპატიჟებულნი იყვნენ იქთიოლოგები ბათუმიდან და თბილისიდან. ორი წლის განმავლობაში მონიტორინგი ატარეს, აკვირდებოდნენ. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თევზგამტარი კარგად მუშაობს»,- ამბობს დავით ზაზაძე.
თუმცა დავით ზაზაძე არ უარყოფს ფაქტს, რომ თევზი გადაშენების პირას არის, ამის მიზეზად მდინარეების დაბინძურებას ასახელებს.
«ჩვენ ყოველ წელს 50-60 ტონა ნაგავი გამოგვაქვს მდინარეებიდან. თევზებს ხელს უშლის ნაგავი,- ამბობს ის,- ჩვენ მას ვაგროვებთ, შემდეგ ის ნინოწმინდის ნაგავსაყრელზე მიაქვთ».
მთელი მსოფლიოს ეკოლოგია «შეირყა», დარღვეულია ბალანსი და არსებული სახეობების გადაშენების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ყველა სახელმწიფო ვალდებულია თავიდან აიცილოს და თვალყური ადევნოს იმას, რომ არ იყოს ამის გამომწვევი მიზეზები.