საპენსიო სააგენტოს განცხადებით მისი ამოქმედებიდან სქემაში რეგისტრაცია გაიარა 1 042 084-მა ადამიანმა.
2020 წლის 29 ივლისის მონაცემებით ჩაერთო 448 601 ქალი, მათ შორის: 40 წლამდე 260 298, ხოლო 40 წელს ზემოთ 188 303. სქემაში ჩართული მამაკაცები 40 წელს ქვემოთ 337 705, 40 წელს ზემოთ 255 778-ს შეადგენს, ხოლო სულ სქემაში ჩართული მამაკაცების რაოდენობა დღეისათვის 593 483-ს წარმოადგენს.
მონაცემების თანახმად, ყოველდღიურად სქემაში ჩართულ პირთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება და თვის მანძილზე 9000-ზე მეტს შეადგენს.
ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო გახლავთ. ის ვრცელდება იმ პერებზე, ვინც 40 წლის ასაკს ჯერ არ მიაღწია, დანარჩენ მოქალაქეებს არჩევანის საშუალება აქვთ. ივლისის ბოლოს სქემიდან გასულთა რაოდენობა, მასში რეგისტრირებულთა რაოდენობის 10%-ს შეადგენს.
დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 364-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შეუსრულების საფუძვლით – 187 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო – 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით – 148, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 28 პირმა.
საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 62 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი.
სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული ხელფასის 2%-ს ვიდრე დასაქმებულის დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა არ მიაღწევს 24,000 ლარს წლიურად (თითქმის 8 000 დოლარი). ამის შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული შემოსავლის 1%-ს მანამ, სანამ დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა გადააჭარბებს 60,000 ლარს წლიურად (20 000 დოლარი), რის შემდეგაც სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანებს აღარ განახორციელებს.
დაგროვილი თანხა პენსიონერებს პროცენტული მაჩვენებლის თანახმად დაუბრუნდება- საშუალოდ წლიური 7%. არსებული, ბოლო ინფორმაციის თანახმად, პენსიონერების ანგარიშზე 17,3 მილიონი ლარი (5,7 მლნ დოლარი) უკვე დაირიცხა.
დაბრუნების მომენტამდე სახელმწიფო ამ თანხის ინვესტირებას სხვადასხვა პროექტებში მოახდენს და ეს თანხები ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ იმყოფება. აღნიშნულ პროცესს საინვესტიციო სამსახური საპენსიო სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
2020 წლის მარტის თვეში საქართელოს საპენსიო სააგენტომ საპენსიო დანაზოგის პირველი 560 მილიონი ლარის (დაახლოებით 187 მლნ დოლარის) ინვესტირება უკვე გააკეთა, რითაც საქართველოს კომერციულ ბანკებში მაღალი რეიტინგით, სახსრები სადეპოზიტო სერტიფიკატებში დააბანდა.