დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ხუთი ე.წ. ლილოს ბაზრობის კლასტერს უკავშირდება, ექვსი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„სამწუხაროდ, ერთი გვყავს სამედიცინო პერსონალი და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. დაახლოებით გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ დაბეჯითებით თქმა არ შეგვიძლია. მედპერსონალს რაც შეეხება, ეს არის ერთი კონკრეტული კლასტერი და მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.