ჩვენ გვაღელვებს ვითარება, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეიქმნა,- ამის შესახებ დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ხვალინდელი დღიდან გარდაბნის რაიონის რამდენიმე სოფელში, სადაც კორონავირუსის ბოლო 20 შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება დაიწყება.
მისივე თქმით, გაფართოებული გამოკლევების შედეგად ტესტირება რამდენიმე ათას ადამიანს გაუკეთდება.
“ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და სამკურნალოდ გადაგვყავს. ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში განვითარებული მდგომარეობა გვაღელვებს. ხვალიდან გარდაბნის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება, გვინდა რომ ამ სოფლების მოსახლეობა და ეს კლასტერი მთლიანად გავტესტოთ, რადგან ის თანდათანობით ძლიერდება და გვსურს დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება, გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით,” – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხვალ განიხილება თუ მიიღებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას.
“ხვალ ყველაფერი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.