ძუძუმწოვრებს და მათ შორის ადამიანსაც, ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი უვითარდება, ანუ ეს დაავადება აღარ ემართება. დაავადებების გამომწვევ აგენტებს ანტიგენებს უწოდებენ. პირველადი ინფიცირების დროს, ორგანიზმი თავდაცვის სხვადასხვა სტრატეგიას იყენებს და გამარჯვების შემდეგ, სპეციალურ Y ფორმის ცილებს, ანტისხეულებს (იმუნოგლობულინებს) გამოიმუშავებს. ანტისხეული ანტიგენს ისე ერგება, როგორც გასაღები – კლიტეს. ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, იგივე ინფექციის განმეორების შემთხვევაში, დაავადების გამომწვევ აგენტებს ცნობს, “ბრძოლის წესებს” იხსენებს და მარტივად ამარცხებს მას. ასეთ ადაპტურ (შეძენილ) იმუნიტეტს იმუნიზაცია ჰქვია.

რა განსხვავებაა ბუნებრივ და ხელოვნურ იმუნიზაციას შორის?

იმუნიზაცია ორი გზით ხდება ბუნებრივად, ანუ დაავადების გამომწვევთან უშუალო, ბუნებრივი კონტაქტის შედეგად და ხელოვნურად, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო ჩარევას. ბუნებრივ კონტაქტს, ჩვენთან, “ბატონების მოხდასაც” უწოდებენ და სხვადასხვა რიტუალებით ცდილობდნენ ინფექციის დამარცხებას. ხელოვნურ იმუნიზაციას შეგვიძლია მივაღწიოთ ორგანიზმში ვაქცინის შეყვანით ანუ ვაქცინაციით.

რა სახის ვაქცინები არსებობს?

არსებობს პროფილაქტიკური და სამკურნალო ანუ თერაპიული ვაქცინები.

პროფილაქტიკური ვაქცინა შეიძლება იყოს:

ცოცხალი ატენუირებული ამ დროს ორგანიზმში შეჰყავთ ინფექციური დაავადების გამომწვევი აგენტების დასუსტებული, მოდიფიცირებული, ნაკლებად ვირულენტური ფორმები, რაც ბუნებრივი ინფიცირების იმიტაციას ქმნს და ორგანიზმი ისეთივე ანტისხეულებს გამოიმუშავებს, როგორც იმ შემთხვევაში, ეს დაავადება ნამდვილად რომ დამართნოდა. ასეთია წითელას, წითურას, ყბაყურას, ყვითელი ცხელების და ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინები.

ინაქტივირებული- ამ ტიპის ვაქცინებში დაავადების გამომწვევი აგენტები ქიმიურად, გაცხელებით ან რადიაციით არის განადგურებული. შესაძლოა შეიცავდეს აქტიურობადაკარგულ პათოგენებს მთლიანად (პოლიომიელიტის, ცოფის, ჰეპატიტის, ქოლერას, შავი ჭირის ვაქცინები) ან მათ ნაწილს (დიფტრიის და ტეტანუსის ვაქცინები).

რეკომბინაციული და კონიუგირებული – ვაქცინა შედგება პათოგენის ნაწილების: ცილების, პოლისაქარიდების ან კაფსიდებისგან. ამ ტიპის ვაქცნების გამოყენება ჯანმრთელი ადამიანების გარდა, მიზანშეწონილია პაციენტებში, ვისი იმუნური სისტემაც ძალიან დასუსტებულია (პნევმოკოკური და მენიგოკოკური ინფექციების, ადამიანის პაპილომა ვირუსის, B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ).

სამკურნალო ვაქცინები გამოიყენება ინფიცირების შემდეგ, იმუნური პასუხის ინიცირების და ან გაძლიერებისთვის. მაგალითად ცოფის წამალი არ არსებობს, ის მომაკვდინებელი დაავადებაა და თავდაცვის ერთადერთი გზა, ცოფის ვაქცინის გამოყენებაა.

რა ინფექციური დაავადებები გააქრო ვაქცინებმა?

უკანასკნელი 45 წლის მანძილზე ყვავილით არავინ დაავადებულა. ამ დაავადებამ, ბოლო ათასწლეულში 500 მლნ. ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოსახლეობის მასიურმა ვაქცინაციამ ბუნებაში ყვავილის გამომწვევი ვირუსის სრული განადგურება განაპირობა და ის მხოლოდ ატლანტის (აშშ) და ნოვოსიბირსკის (რუსეთი) ლაბორატორიებში ინახება ბიოუსაფრთხოების მკაცრი წესების დაცვით.

ვაქცინაციის დამსახურებაა მსხვილფეხა პირუტყვის ჭირის გაქრობა, რომელიც მსოფლიოს სოფლის მეურნეობის სექტორს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებდა.

თითქმის სრულად დამარცხებულად ითვლება პოლიომიელიტი, რომლის მხოლოდ 500-მდე შემთხვევა ყოველწლიურად ავღანეთში, პაკისტანსა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანაში ფიქსირდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს წითელას, წითურას და ყბაყურას 2025 წლისთვის სრული აღმოფხვრა.

რა რისკები არსებობს თუ მშობელი ბავშვს არ აცრის?

მშობლები ცდილობენ შვილებს უსაფრთხო გარემო შეუქმნან. განსაკუთრებული მონდომებით ამზადებენ ბავშვებისთვის საკვებს, ყურადღებით არჩევენ სათამაშოებს, უვლიან, დარდობენ მათი ავადობის შემთხვევაში და ახარებთ პატარების წარმატება. დროული ვაქცინაცია, ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი, უალტერნატივო შესაძლებლობაა.

ითვლება რომ, ვაქცინის შექმნამდე, ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ხოლო ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 35 წელს არ აღემატებოდა. დღევანდელი მონაცემებით, ყოველწლიურად 2 მლნ ბავშვი იმ დაავადებებისგან იღუპება, რისი თავიდან აცილებაც დროული ვაქცინაციით შესაძლებელია.

ვაქცინაციით თქვენ იცავთ თქვენს შვილებს და ასევე იმათაც, ვისი ვაქცინაციაც არ რეკომენდებული არ არის. ესენია: ახალშობილები (ასაკის გამო), ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ხანდაზმულები.

უნდა გვახსოვდეს, რომ ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველის, წითელას, წითურას, ყბაყურას, პოლიომიელიტის, ჰეპატიტის, ტეტანუსის და პნევმოკოკური ინფექციები არ აღმოფხვრილა, მაგრამ მათი მართვა, ზიანის შემცირება და ამ დაავადებებით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია.

“აცერი და დაიცავი!” ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდება.

რა მიზანი აქვს ანტივაქსერულ მოძრაობებს?

ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ვაქცინების ეფექტიანობას და უვნებლობას ეჭვქვეშ აყენებს, ვაქცინების საჭიროების და სანდოობის არ სჯერა. ზოგი იმუნიზაციას მასობრივ ექსპერიმენტად მიიჩნევს, რომლის დროსაც ბავშვების ორგანიზმში “ჩიპები” და “კაცმა არ იცის, რა შეჰყავთ”, ზოგი აცრით გამოწვეულ მძიმე დაავადებებზე საუბრობს, ხოლო ზოგს ჰგონია, რომ კარგი ვაქცინები მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში აქვთ.

ძნელია, ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა საფუძველი აქვს ასეთ შეხედულებებს ან რა ასაზრდოებს სხვადასხვა შეთქმულების თეორიას, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტივაქსერული მოძრაობა ახალი არ არის. ბრიტანეთში, მე-19 საუკუნის ბოლოს, ყვავილის ვაქცინის შექმნისთანავე ადამიანები პროტესტს გამოხატავდნენ და მას არაქრისტიანულადაც კი მიიჩნევდნენ, რადგან ეს ვაქცინა ყვავილით დაავადებული ძროხისგან შეიქმნა. ყვავილის აცრის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები აშშ-იც გაგრძელდა და უფრო მეტიც, ანტივაქსერული ორგანიზაციაც კი დაფუძნდა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველის (DTP) აცრების წინააღმდეგ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-სა და ავსტრალიაში. ლონდონში 36 ბავშვის ნევროლოგიური დაავადებები ამ დაავადებას არასწორად დაუკავშირეს. გაზეთებმა ეს ინფორმაცია სწრაფად აიტაცეს და DTP აცრების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო, რასაც ყივანახველის ეპიდემია მოჰყვა.

წითელა, წითურა, ყბაყურას (MMR) აცრებზე მასშტაბური უარის თქმა დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო, როცა ექიმ ანდრიუ ვიკფელდის და მისი თანაავტორების მიერ 1998 წელს საკმაოდ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში The Lancet სტატია გამოქვეყნდა. ავტორები გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ 12 გამოკვლეულ ბავშვში, აუტიზმი MMR ვაქცინასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, ჟურნალის რედაქციამ განაცხადა, რომ ეს სტატია არ უნდა დაებეჭდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ანდრიუ ვიკფელდმა საკუთარი ფინანსური ინტერესის სანაცვლოდ, მონაცემები გააყალბა, პაციენტები მიკერძოებულად შეარჩია, აუტიზმით დაავადებული ბავშვების მშობლები მოისყიდა. ამის გამო, ექიმ ვიკფელდს სამედიცინო ლიცენზია ჩამოერთვა და საექიმო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა.

ანტივაქსერული მოძრაობა სხვადასხვა მასშტაბით ისევ იჩენს-ხოლმე თავს. ამ დრომდე, არც ერთ ჩატარებულ კვლევას დაუდასტურებია ვაქცინის რომელიმე დაავადებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. რადგან ვაქცინაციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები ფაქტიურად არ არსებობს, მაშინ, როცა ინფექციური დაავადებებით გამოწვეული მძიმე შედეგები და სიკვდილიც კი სახეზეა. ამიტომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ატარებენ საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიებს, უფრო მეტიც, ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. ბევრი მედია გამოცემა ანტივაქსერული პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე უარს ამბობს, Youtube აკრძალა აცრების საწინააღმდეგო ვიდეოები და განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება არხის პოლიტიკას.

აქვს თუ არა ვაქცინას უკუშედეგი ისევე როგორ მედიკამენტს და რა გზას გადის, ვიდრე მისი გამოყენება დაიწყება?

ვაქცინის გამოყენება უსაფრთხოა. იქამდე, სანამ ვაქცინის წარმოება დაიწყება, ის გამოცდის საკმაოდ გრძელ გზას გაივლის. მოწმდება: იმუნოგენებზე – რამდენად ეფექტიანია მისი მოქმედება; კონსერვანტებზე – რამდენად სტაბილურია ვაქცინის კომპონენტები და უძლებს ტრანსპორტირებას; არასპეციფიკურ მინარევებზე – ხომ არ შეიცავს ვაქცინის კულტივირების დროს გამოყენებულ ანტიბიოტიკებს, ცილებს ან სხვა ნარჩენების დიდ რაოდენობას.

ვაქცნინაციას კლინიკურად ჯანმრთელ ადამიანებში, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მოჰყვება გართულებები. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ინექციის ადგილის შეწითლებას, შეშუპებას, მოჰყვეს ცხელება, სისუსტე. მიუხედავად, მოსალოდნელი უკუჩვენებისა, გაცილებით უფრო საშიშია აუცრელობის შედეგად დაავადებების განვითარების რისკები. ნუ მიიღებთ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებას, დაუჯერეთ პროფესიონალებს, სწორად შეაფასეთ რისკები და დაიცავით თქვენი საყვარელი ადამიანები.

მარი მურცხვალაძე

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი

მასალა ქვეყნდება “მედიის განვითარების ფონდის” (MDF) ფაქტების გადამოწმების პორტალის “მითების დეტექტორის” მიერ, საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის საელჩოს შეხედულებებს.

სტატია მომზადებულია MDF-ის პროექტის ფარგლებში.

logo