გუშინ, 6 ივლისს, სოფელ კულიკამის მოსახლეობამ, გზის ასფალტირების მოთხოვნით ახალქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ახალქალაქის მერი სოფელში ჩავიდა და მოსახლეობის ნათქვამის სისწორეში პირადად დარწმუნდა. მერი წელს სოფლის მთავარი გზის ხრეშით შეკეთებას, ხოლო მომავალ წელს ასფალტის დაგებას დაპირდა.

კულიკამის მოსახლეობა ცენტრალური გზის საშინელ მდგომარეობას უჩივის. გზა თითქმის მთლიან ტერიტორიაზე გადის. ძლიერმა წვიმებმა, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა, კულიკამში გზის ნაწილი ჩარეცხა და სოფელის მთავარი გზა გაუვალი გახდა.

სოფლის მოსახლეობის თქმით, გზის საშინელ მდგომარეობას წელს უკვე მესამეჯერ უჩივიან.
“წელს უკვე მესამე ჯერია მერიაში მოვდივართ, მეოთხე აღარ იქნება. ისინი ყურადღებას არ გვაქცევენ, მაშინ საერთოდ არ შემოვიდნენ ჩვენს სოფელში”,- აღშფოთებით ამბობდა ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

სოფელ კულიკამის მცხოვრების მიშა მარაბიანის თქმით, როდესაც ისინი 1 ივლისს იყვნენ მერთან, ის დახმარებას დაპირდა, თუმცა დღემდე არავითარი სამუშაო არ განხორციელებულა.

“მაშინ მან თქვა, რომ გათვალისწინებული 20კბ სახელმწიფო მიწის გარდა, ის დამატებით 4 მანქანას გაუგზავნიდა. თუმცა, დღემდე არაფერი გაკეთებულა. ამ გზაზე სიარული არც ფეხით და არც მანქანით არის შესაძლებელი. ჩამოდით და თავად დარწმუნდებით”,- თქვა მან.

გუშინ კულიკამის მოსახლეობა კვლავ მერიასთან მივიდა. ისინი მერის პასუხით აღშფოთებულნი იყვნენ. რამდენიმე ადამიანი შევიდა მერთან, რომელიც კვლავ დაპირდა, რომ გზაზე 4 მანქანა ხრეშს მოაყრიან, თუმცა სოფელ კულიკამის მოსახლეობისათვის ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, რადგან, მათი აზრით, იქ 20-დან 40 მანქანამდე ხრეშია საჭირო.

სოფელ კულიკამის მოსახლეობა მერის პასუხით უკმაყოფილო იყო.
“თუკი სოფელში ასფალტი არ იქნება, გზას გადავკეტავთ. კმარა ჩვენი მოტყუება. წელს სოფელში ასფალტი უნდა გაკეთდეს. ხელმძღვანელობა რატომ არ რეაგირებს?”,- ამბობს სარგის ჩოგანდარიანი.

რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, ისინი მერიის შენობაში შევიდნენ. მერის პასუხს აღარც დაელოდნენ, ამიტომ მერი კულიკამის მოსახლეობას მერიის სააქტო დარბაზში ესაუბრა. სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას მერის მოადგილეები შალვა ბალახაძე და არმენ მარანგოზიანი ესწრებოდნენ.

სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას, მერი დაპირდა, რომ წელს სოფლის გზის ასფალტირების პროექტს შეადგენენ, ხოლო მომავალ წელს ასფალტს დააგებენ. სოფლის მოსახლეობა ითხოვდა, რომ ასფალტი სოფელ ბავრიდან დააგონ, რაზეც იურიკ უნანიანმა უთხრა, რომ მოსახლეობის მოთხოვნებს გაითვალისწინებენ და გზის ასფლატირების ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს შეარჩევენ.

თუმცა, გზის მდგომარეობის დროებითი გაუმჯობესებისათვის ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი მოსახლეობას დაპირდა, რომ გზას ხრეშით დაფარავენ. იმის გამო, რომ აქციის მონაწილეებთან ხრეშის რაოდენობის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ, მერმა გადაწყვიტა პირადად ჩასულიყო სოფელში და რაოდენობა ადგილზე გაერკვია.

სოფელ კულიკამში JNEWS-იც ჩავიდა. გზა ნამდვილად საშინელ მდგომარეობაშია.

“მე მოვედი, ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი და დავრწმუნდი. მოსახლეობა ჩემთან იყო მოსული. რამდენიმე დღის წინ იყო ძლიერი წვიმა და ქარი, რის გამოც გზა გაფუჭდა. მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ შესაძლებელია, ჩამოვიტანოთ ქვიშა ფირმისგან, რომელიც აქ ასფალტს აგებს, და გზაზე დავყაროთ. წელს პროექტს შევადგენთ, ხოლო მომავალ წელს ასფალტირებას დავიწყებთ”,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა.

kulikam1

სოფელ კულიკამის მოსახლეობა გზის საშინელ მდგომარეობას მერიასთან აპროტესტებს